სალომე ზურაბიშვილი - ნარკოტიკების წინააღმდეგი ვარ, ჩვენ ფხიზელი ახალგაზრდობა და ჯანსაღი ცხოვრება გვჭირდება
ჩვენ გვჭირდება ფხიზელი ახალგაზრდობა და ჯანსაღი ცხოვრება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნარკომომხმარებლებს ციხეში არც ერთ ქვეყანაში არ სვამენ. ამასთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ის ნარკოტიკების წინააღმდეგია.
„რაც შეეხება ნარკოტიკებს, არც ერთ ქვეყანაში ციხეში არ სვამენ მომხმარებელს და ეს სწორია. თუმცა, ნარკოტიკების წინააღმდეგი ვარ. ჩვენ გვჭირდება ფხიზელი ახალგაზრდობა, ჯანსაღი ცხოვრება. ამისთვის საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დაბა ურეკის კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე ნარკომოხმარების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის გარდა, სალომე ზურაბიშვილმა სხვა საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე.
„გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდნენ საქართველოში, მაგრამ არ დაბრუნდებიან, თუ არ ეცოდინებათ, რომ აქ შეძლებენ ნორმალურ პირობებში ცხოვრებას. ასევე, რაც შეეხება ჯანდაცვას, მიკვირს, რომ ხალხს ავიწყდება ბევრი რამ. ის, რომ ჯანდაცვის კუთხით არაფერი ხდებოდა და დღეს ყველაფერია. როგორც ქალი, ვთვლი, რომ პრევენციის მიზნით ბევრია გასაკეთებელი, რათა ნაკლები დაგვეხარჯოს. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ დიდ პრობლემას ონკოლოგია წარმოადგენს. მოქალაქეები იძულებული არიან, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გავიდნენ. უნდა ვეცადოთ, რომ მათ ადგილზე შეძლონ ამ პრობლემის მოგვარება “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამომრჩევლებთან დაბა ურეკში გამართულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ასევე, დეპუტატი თემურ ჭკუასელი, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და სხვა პირები ესწრებოდნენ.