სალომე ზურაბიშვილი ნარკოპოლიტიკაზე - არ მიმაჩნია, რომ საპატიმრო სასჯელი იყო პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე
არ მიმაჩნია, რომ საპატიმრო სასჯელი იყო პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ამ მიმართულებით ბევრად აქტიური პოლიტიკა შეიმუშაოს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სფეროს განვითარებას, მათ შორის სპორტის.
„იმის თქმა, რომ საპატიმრო სასჯელი არ არის პასუხი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად ინერტული და პოლიტიკა არ გვქონდეს ამის მიმართ. ვფიქრობ, სახელმწიფოს ევალება ბევრად უფრო აქტიური პოლიტიკა შეიმუშაოს, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სფეროს – რეაბილიტაცია, სპორტი, სკოლებიდან დაწყებული საინფორმაციო კამპანია და ა.შ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება შეწყალების საკითხს, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„არსებული კომისია გაუქმებულია, რადგან ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია შემოვიდა. მინდა ახლებური ხედვა იყოს. ეს რთული და საპასუხისმგებლო საკითხია, ამიტომ ნაადრევად ვერ გიპასუხებთ. მსურს, ბოლომდე გავერკვიო. შეწყალებაზე ძალიან ბევრი თხოვნაა შემოსული, რაც ძველი ადმინისტრაციიდან დარჩა და ასევე ჩემი არჩევის შემდეგ რაც შემოვიდა. უნდა განვიხილოთ და ვნახოთ, როგორ დავაკომპლექტოთ შეწყალების კომისია, ესეც ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც ჩემში ბადებს ძალიან ბევრ კითხვას.
გთხოვთ ცოტა დროს, რომ ამ საკითხზე ჩამოვყალიბდე. ამ საკითხზე ჩემს წინამორბედს ძალიან მარტივი პოზიცია ჰქონდა. მსურს, უფრო შეგნებულად, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ამ საკითხს და გთხოვთ ამისთვის ცოტა დროს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.