სალომე ზურაბიშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, რომ დღეს ეწივლათ, ეკივლათ და ცირკი მივიღეთ
“ნაციონალურ მოძრაობამ” გადაწყვიტა, რომ ეს იყო დღე, როცა უნდა ეწივლათ, ეკივლათ და ჩვეულებრივი ცირკი მივიღეთ, – ეს განცხადება დიასპორის კომიტეტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას გააკეთა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კომიტეტის სხდომა ეძღვნებოდა საქართველოს მოქალაქეობის საკითხებს, რომელიც დღეს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
„კონსტიტუციაში ცვლილება მიღებულია, რომ ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული აღარ იყოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი აღარ გახდეს. ეს სკითხი საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს, მილიონ ნახევარ ადამიანს აინტერესებს. რაც “ნაციონალურ მოძრაობას” არ აინტერესებს და გადაწყვიტა, რომ ეს იყო დღე, როცა რაღაცეებზე უნდა ეწივლათ და ეკივლათ. მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე სამუშაო ჯგუფი ამ დღეებში მუშაობას იწყებს. კონსტიტუციით დადგენილი ახალი ორმაგი მოქალაქეობის პრინციპი ძალაში ალბათ აპრილში შევა, ძალიან სწრაფ მუშაობას მოითხოვს. დღეს იყო ის დღე, როცა ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები უნდა გამოგვეთქვა, თუ რამდენად ლიბერალური და მარტივი უნდა იყოს ჩვენი თანამემამულეებისთვის მოქალაქეობის აღდგენა, რომლებიც უცხოეთში არიან და ამაზე უნდა ვიზრუნოთ. მიმაჩნია, რომ ამაზე ჩვენ საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია მივიღეთ. მინისტრმა მოითხოვა, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში პოზიციები გამოთქმულიყო ვინ რისი მომხრე უფრო არის და ამის მაგივრად ჩვეულებრივი ცირკი მივიღეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.