მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ახლა ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა.
„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს ტყუილად არ შეერქვა „რუსული კანონი“: სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს. საქართველოს მთავრობა ცდილობს, ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. მოსახლეობამ გასულ გაზაფხულს მასობრივი დემონსტრაციებით უარი უთხრა ამ კანონსა და ამ მიმართულებას, რომლის თავს მოხვევასაც ცდილობენ. ახლა მათ ეს არჩევნებზე უნდა დაამტკიცონ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ. ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატიური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის.
„ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50% ან 60%. მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან. საუკუნეებია, ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს თავის კულტურასა და ღირებულებებში ატარებს. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პროცესი პოლიტიკური გახდა და სხვადასხვა მთავრობა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაზე მუშაობდა, 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი. პარადოქსი ისაა, რომ საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროპასთან და ეს გარკვეული ძალების მიერ არჩეული მომენტია, რომ გაეწყვიტა ეს ჩვენი ღრმა მისწრაფება. მომენტის ისტორიული ხასიათის გაცნობიერება იმდენად ძლიერია, რომ, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, 2024 წლის პირველ ექვს თვეში ახალგაზრდების ქვეყნიდან წასვლის რაოდენობა შემცირდა: მათ იციან, რომ აქ უნდა იბრძოლონ, რათა საქართველომ ხელიდან არ გაუშვას თავისი ევროპული ბედი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალზე.
„„ქართული ქარტია“ ეფუძნება ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფარგლებში საქართველოსთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში წარდგენილ ევროპულ რეკომენდაციებს. რეკომენდაციები, რომლებიც ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და, ზოგადად, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, „საარჩევნო კოდექსის“ რეფორმას. ის ითვალისწინებს ბოლო წლებში მიღებული ისეთი კანონების გაუქმებას, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირთან დაახლოებას, უგულებელყოფს ,,საქართველოს კონსტიტუციის“ 78-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ინსტიტუტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. იდეა ისაა, რომ მომავალი გაზაფხულისთვის შესაძლებელი იყოს ევროკავშირისათვის იმის ჩვენება, რაც გაკეთდა რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად, რათა მივიღოთ წევრობის მოლაპარაკებების გახსნის უფლება. ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაქინაციებს, როგორებიცაა დაბრკოლებების შექმნა, რათა ხელი შეეშალოს დიასპორას ხმის მიცემაში, რომელიც ამომრჩეველთა დაახლოებით მესამედს წარმოადგენს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქართველების შიშებზე გათვლილი პროპაგანდა, ომი თუ ლგბტ საკითხი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რას ელოდება საფრანგეთისა და ევროკავშირისგან, ზურაბიშვილი პასუხობს, „თქვან და გაიმეორონ, რომ ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეწინააღმდეგება ევროპულ გზას“.
„ეს გადის ამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონისა და სხვა კანონების გაუქმებაზე. მე დიდად არ ვარ სანქციების მომხრე. ეს შეიძლება ცუდად იყოს ინტერპრეტირებული მოსახლეობის მიერ, ეს არ უშლის ხელს, გამოცხადდეს, რა მოხდება არჩევნების შემდეგ, თუ დადასტურდა პრორუსული ორიენტაცია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ამასთან, „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი იქნება მისი პირადი პოლიტიკური მომავალი, როდესაც მანდატი ამოეწურება, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა.
„მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.