სალომე ზურაბიშვილი - მთავარი მოვლენები ახლა უკრაინაში ხდება, მაგრამ ამავდროულად ვიმედოვნებ, რომ ნატო-ს სამიტზე, ევროკავშირის მოლაპარაკებებზე არ დაგვივიწყებენ, მნიშვნელოვანია, მსოფლიომ შეხედოს საქართველოს და მოლდოვას
ვფიქრობ, მსოფლიომ უკვე ყველაფერი იცის, თუკი რამე უნდა იცოდეს ვლადიმერ პუტინზე. მანამდე თუკი არ იცოდნენ და არ ესმოდათ 2008 წელს საქართველოში ომის დროს და 2014 წელს ყირიმში შეჭრისას, ახლა ვფიქრობ, უკვე ყველამ გაიაზრა ეს ინსტინქტი, რუსეთის ეს ძველი ტენდენცია იმპერიალიზმის გაფართოების, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, დასავლეთი გაერთიანდა, რაც რუსეთისთვის სიგნალი უნდა იყოს, რომ მის შეჭრას რეაქცია მოჰყვება.
„ეს ყველაფერი არსად გამქრალა. მას დაუპირისპირდა სიმტკიცე და ძალა. ვფიქრობ, უკრაინამ გაუწია ფანტასტიკური წინააღმდეგობა ამ შეჭრას, რაც ასევე იხილა დასავლეთმა. დასავლეთმა ახლა უკვე იცის, რომ მხარი უნდა დაუჭიროს. ის გაერთიანდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, სიგნალია რუსეთისთვის, რომ შეჭრას ურეაქციობა აღარ მოჰყვება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპა, შეერთებულ შტატებთან ერთად, არასდროს ყოფილა ასეთი ერთიანი სანქციებში და რუსეთს პასუხი დასავლეთის ერთიანობით გაეცა.
„აუცილებელი არ არის რომ პასუხი ძალა იყოს. პასუხი დასავლეთის ერთიანობით გაეცა, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპა არასდროს ყოფილა ასეთი ერთიანი სანქციებში, ერთიანი შეერთებულ შტატებთან. ის რაც ნატო-ში ხდება, არის ამ ერთიანობის დემონსტრაცია. რაც პირველ რიგში, პოლიტიკური ერთიანობაა. სწორედ ამას ხედავს რუსეთი. რუსეთმა იხილა უკრაინელების ერთიანობა და იხილა, რომ არ შეუძლია, დაყოს უკრაინა, არც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, არც პრორუს და რუსეთის მოწინააღმდეგეებს შორის. ეს უკრაინისგან ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. ევროპული ერთიანობა კი, კიდევ ერთი გზავნილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, რომელიც უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ მისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, ზურაბიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა: „პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მაშინ სხვა დრო იყო და ალბათ, განსხვავებული პუტინიც. თუმცა, მოლაპარაკებებში უნდა იყო მტკიცე, იცოდე, სად გადის შენი წითელი ხაზები და სად შეგიძლია, კომპრომისზე წასვლა. ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდე, რა შედეგის მიღება გინდა მოლაპარაკებებისგან. ჩვენთვის ძალიან მკაფიო იყო, გვსურდა, რუსულ შეიარაღებულ ძალების ბაზებს ქვეყანა დაეტოვებინათ, ეს მივიღეთ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს გამონაკლისი იყო და სხვაგან არ განმეორებულა, დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთი დღეს მზად არის იმავე ტიპის მოლაპარაკების გაიმეოროს“.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა იმ მოსაზრებას, რომ თუ პუტინი უკრაინაში ომში გაიმარჯვებს, ის აღარ გაჩერდება, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ეს დიდწილად ეს სიმართლეა“.
„ვფიქრობ, ეს დიდწილად ეს სიმართლეა და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთმა უკვე საკმაოდ ბევრი დაკარგა უკრაინაში. თავად უკრაინელებმა მოიპოვეს ეს, რადგან რუსეთმა არ აჩვენა, რომ ძლევამოსილია. მას არ უჩვენებია, რომ შეუძლია, დაძლიოს უკრაინელები რამდენიმე დღეში. არ უჩვენებია, რომ მისი შეიარაღებული ძალები ისეთივე ეფექტურია, როგორც ეს მსოფლიოს ეგონა. ეს ყველაფერი უკვე უკრაინის გამარჯვებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელების ერთიანობა ნარჩუნდება. დანარჩენი, მსოფლიოს მხარდაჭერა, სანქციები, რასაც რუსეთი სავარაუდოდ მოელის და ეს კიდევ ერთი ილუზია იქნება, არის ის, რომ სანქციები დიდხანს არ გაგრძელდება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მართალია მთავარი მოვლენები ახლა უკრაინაში ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, პარტნიორებს საქართველო და მოლდოვა ახსოვდეთ.
„იქნება თუ არა საქართველო მომდევნო, ეს რთული შეკითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა. ჩვენ პირველი ვიყავით და ვიმედოვნებ, რომ აღარ განმეორდება, თუმცა დარწმუნებით ვერავინ იტყვის. ასევე ვერავინ იტყვის, თუ რა რეაქცია ექნება რუსეთს დამარცხების შემთხვევაში. არავინ იცის, რა რეაქცია იქნება ნახევრად გამარჯვებისა და ნახევრად დამარცხების შემთხვევაში. ჩვენ უკვე ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს. ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორი სამხედრო ბაზაა, რა თქმა უნდა, ძალიან მოწყვლადები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ შეხედოს საქართველოს, მოლდოვას. რა თქმა უნდა, ცენტრშია უკრაინა, სადაც მთავარი მოვლენები ხდება, მაგრამ ამავდროულად ვიმედოვნებ, რომ ნატო-ს სამიტზე, ევროკავშირის მოლაპარაკებებზე არ დაგვივიწყებენ. ეს არის ბრიუსელში ჩემი ვიზიტის მიზეზი, რათა ვესაუბრო პარტნიორებს, რომ საქართველო ახსოვდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.