სალომე ზურაბიშვილი - მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს დღეს ტელეფონით ესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და კვიპროსში არსებული ვითარება და ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმები განიხილეს.
მათივე ცნობით, კვიპროსის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს.
„სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა კვიპროსის პრეზიდენტს პანდემიისას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში გაწეული დახმარებისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს. თავის მხრივ კი, კვიპროსის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ ევროპულ ლიდერებს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებისაკენ მოუწოდოს.
საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისისას საერთაშორისო სოლიდარობის ფონზე ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კვიპროსის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი კრიზისის დასრულების შემდეგ კვიპროსში ვიზიტით მიიწვია.