სალომე ზურაბიშვილი - მქონდა სურვილი, ბიძინა ივანიშვილისთვისაც ამეხსნა თანხმობის პროცესი და შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ პოლიტიკაში აღარ არის
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას ბოლო წელიწად-ნახევარია, ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ჰქონდა სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეროვნული შეთანხმების პროცესში ჩართვა შეეთავაზებინა.
„რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მე თავისუფლად გიპასუხებთ, რომ არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა თითქმის წელიწადნახევარი და იმასაც გეტყვით, რომ მქონდა სურვილი, მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი და შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა – მე პოლიტიკაში აღარ ვარო, არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა. მე ვთვლი, რომ ამ პროცესში ვარ სრულიად დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებული საზოგადოებაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა: „რწმენა თუ არარწმენა, ვერაფერს გეტყვით. ჩემი გამოცდილება არის ეს, რომ მე არ მქონია არანაირი ურთიერთობა. ჩემი არჩევის დღეს რაც მითხრა, რომ მისგან არ იქნებოდა არანაირი მოთხოვნა, მითითება და ინსტრუქცია, ეს შესრულებულია“.