სალომე ზურაბიშვილი - მოვიდა დრო, დავინახოთ ძალიან კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან დაახლოება
მნიშვნელოვანი წელია იმ კუთხით, რომ წელს ევროკავშირთან მიმართებაში, ისევე როგორც როგორც ნატო-სთან მიმართებაში ძალიან სერიოზული თარიღები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ორბაელიანების სასახლეში ლიეტევულ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომდევნო კვირაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს და ამ სამიტის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინისთვის.
„ნატო-ს სამიტი იმართება 14 ივნისს, მომავალ კვირას და აქაც ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოსა და უკრაინის და ღია კარის პოლიტიკის საკითხი იყოს ამ სამიტის ფარგლებში ნახსენები და ასევე მივიღოთ იმის ნიშნები, თუ რა გზით და რა ფორმით ვაგრძელებთ ჩვენს საინტეგრაციო გზას. საკითხები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს ყველაზე მეტად და რომელზედაც ვისაუბრეთ და მნიშვნელოვანია ურთიერთობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში, ეს არის კიბერუსაფრთხოება და ამ კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას და ასევე შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ასევე განვიხილეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს პრზიდენტის თქმით, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობას და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საკითხს.
ზურაბიშვილის თქმით, მოვიდა დრო, დავინახოთ ძალიან კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან დაახლოება.
„ევროკავშირთან მიმართებაში აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო შარლ მიშელი ჩართულობა ჩვენი შიდაპოლიტიკური კრიზისის დაძლევაში, მაგრამ არა მხოლოდ ამ წელს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელსაც ველოდებით. ამ ფარგლებში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სამი ქვეყანა, ასოცირებული ტრიოს ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ბათუმის კონფერენციის ფარგლებში შედგება ასეთი სამიტი და ჩვენ წარვადგენთ ჩვენს ერთობლივ ხედვას. ამ ხედვის განხორციელებაში ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი უახლოესი პარტნიორების, ევროკავშირის წევრების მხარდაჭერა და ამ მიზნების განხორციელებაში კონკრეტული მხარდაჭერა, რამეთუ ევროკავშირთან მიმართებაში დღეს დრო მოვიდა, რომ ჩვენ დავინახოთ ძალიან კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება დაახლოება, ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების საშუალებით, შავ ზღვაზე დაკავშირებისა და ტრანსპორტის პროგრამებით, თუ სხვა სექტორალური ინტეგრაციის მეშვეობით. ეს არის ის, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ ვუახლოვდებით ევროკავშირს. ამაში ვიცით, რომ სხვადასხვა კუთხით, იქნება ეს ტრენინგები თუ სხვა ფორმის რეგიონალური თანამშრომლობა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები მზად არიან, განაგრძონ და გააღრმავონ თანამშრომლობა ჩვენთან და იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები და ელჩები თვით ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.