სალომე ზურაბიშვილი - მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე, საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს
სალომე ზურაბიშვილი - მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე, საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ამის შესახებ მან სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გასვლაც.

„იქნება მოლაპარაკება, რადგან რაღაც მომენტში იძულებული უნდა გახდეს რუსეთი, დათანხმდეს. ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებით. ზოგი ამბობს, რომ ის ბოლომდე უნდა განადგურდეს. მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს საბოლოო მოლაპარაკების გამოწვევაა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გასვლაც. მხოლოდ ზელენსკი არ დაიბრუნებს სრულად უკრაინის ტერიტორიებს, რაც უმთავრესი მიზანია, მაგრამ საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ვიდრე რუსეთი იკავებს თუნდაც ერთ კვადრატულ კილომეტრ სხვის ტერიტორიას, რუსეთი ვერ იქნება ის პარტნიორი, რომელიც ისევ გვსურს, ვიხილოთ ევროპული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში.

„ეს მოხდება რუსეთის ნორმალიზაციით, რაც ნიშნავს, რომ მე მაქვს საზღვრები, მე მათ პატივს ვცემ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მეზობლური ურთიერთობები, პატივისცემა და თანამშრომლობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ნორმალური მეზობლური ურთიერთობებისთვის. მე ვაწარმოებდი ლავროვთან მოლაპარაკებებს რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით და ეს იყო სწორედ ურთიერთობების ნორმალიზების დასაწყისი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ“.

კითხვაზე, – „შეიძლება, ეს მოდელი იყოს ევროკავშირისთვის? ევროპული სიმამაცის ფორმა იქნებოდა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ქვეყანასთან, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ბრალდებული?“ – საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:

„ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული, ეს ლეგიტიმურია და ეს პასუხობს პრინციპულ პოზიციას. არ ვფიქრობ, რომ ერთიანობისთვის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს, ეს არჩევანი იყოს. ევროკავშირი ყველგან უნდა იყოს წარმოდგენილი. დიპლომატია მხარდაჭერა არ არის. დიპლომატია შეიძლება იყოს პრინციპებისა და პოზიციების შენარჩუნება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, თვლის თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, რომ უკრაინელები ამარცხებენ რუსეთს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს.

„თავიდან ბევრი ფიქრობდა, რომ ომი გრძელვადიანი არ იქნებოდა, რომ ეს ახალგაზრდა, გამოუცდელი პრეზიდენტი დანებდებოდა. სწორედ ამას ფიქრობდა პრეზიდენტი პუტინი, რომ მისი ფსიქოლოგიური მანევრი კილომეტრიანი ტანკების რიგით ძალიან სწრაფად გაამარჯვებინებდა. რაღაც მომენტში ამერიკელებიც ასე ფიქრობდნენ, შესთავაზეს რა მას (ზელენსკის) გასვლის საშუალება. ზოგადად, დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, რომელიც სხვა სფეროდან, სასცენო სფეროდან იყო, წინააღმდეგობას გაუწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპირობო გულშემატკივარი ვარ, რადგან ვიცი, რომ მსგავს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, გადაცდომების გარეშე წინააღმდეგობის გასაწევად რამხელა ტემპერამენტია საჭირო. მან ეს ყველაფერი შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული საზოგადოება შიგნით არ არის დაყოფილი, რაც ასევე ძალიან იშვიათია ჩვენს დროს. მე ვსაუბრობ ქვეყნიდან, რომელიც ძალიან პოლარიზებულია. შემიძლია, შევადარო. ამ ერთობის შენარჩუნება რთულ მომენტებში ძალიან იშვიათია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, კითხვას იმის შესახებ, „ევროპელები არიან თუ არა მიზანმიმართულები. შარლ მიშელი მომხრეა, უკრაინა შევიდეს ევროკავშირში, მაგრამ 2030 წელს, უკრაინელებისთვის 2030 წელი შორსაა, საქართველოსთვის, შეიძლება, ეს კიდევ უფრო გვიან მოხდეს“, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ერთდროულად გახდებიან.

„ვფიქრობ, ეს ერთდროულად მოხდება. ეს მოხდება 2030, 2031 თუ 2029 წელს, არ ვიცი, მაგრამ ეს ჰორიზონტი იქნება მომდევნო «big bangs», როგორც ამბობდნენ, მომდევნო წევრები შევლენ დაახლოებით ერთად. ჩვენ ტრიო ვართ – მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

„შარლ მიშელის იდეა – 2030 არის ჰორიზონტი, რომელიც გაფართოებისთვის მოიაზრება – ძალიან საინტერესოდ მეჩვენება (შეიძლება ის აღარც იყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი). ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ასოცირება თემატურად, იმ საკითხებზე, რაშიც ისინი მზად არიან, მაგალითად, საქართველოსთვის ტრანსპორტის, შავ ზღვაზე ნაოსნობისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, ხმის უფლების გარეშე, მაგრამ ეს წინასწარი ასოცირება უკეთესად მოამზადებდა კანდიდატებს იმისთვის, რაც მათ შესაბამის მომენტში მოელით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ძალიან საინტერესოა, რომ მივიღეთ თანხმობა, რეკომენდაცია ევროკომისიისგან, რომელიც კიდევ უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის მიერ“.

„საქართველოში მაშინვე ჩატარდა გამოკითხვა ამ საკითხზე. ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა 80%-დან 85%-მდე გაიზარდა. აღარ მახსოვს ზუსტი რიცხვი. ძალიან დიდი უმრავლესობა, როდესაც მათ ეკითხებიან, რატომ? ამბობს, რომ უსაფრთხოებისთვის, რომელსაც კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე წინ აყენებს. არის შეგრძნება, რომ როდესაც ხარ მეორე მხარეს, დაცული ხარ, არა – სავალდებულოდ სამხედრო კუთხით. არის შეგრძნება, რომ მეორე მხარეს რუსეთი ვეღარ გაბედავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, – „ცოტა ტრივიალურად რომ ვთქვათ, რუსეთი ახლა „გვიწვევს“? როდესაც ის ბომბავს დნეპრის მეორე სანაპიროს, რუმინელებს ბომბები თვალწინ უფეთქდებათ, რუსები ყველაზე უარესს ცდილობენ?“ – სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:

„ვფიქრობ, რუსების ადგილზე არ ვეცდებოდი. ვფიქრობ, ჯერჯერობით რუმინელები ძალიან კარგად უძლებენ. როგორც ყოველთვის, რუსები ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ და ავიწროებენ ყველას – ბალტიის ქვეყნებს, რუმინეთს – ყველას, ვინც საზღვართანაა, მაგრამ მათ თავი შეიკავეს ამ ხაზის გადაკვეთისგან, რაც სხვა რამეს გამოიწვევდა, არ მგონია, რომ გაბედონ.

უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველო დაახლოებით ისეა, როგორც რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია, რომელზეც 2014 წლის შემდეგ აღარ საუბრობდნენ. ქუჩაში რომ გასულიყავით ორი ან ორწლინახევრის წინ, ბევრი ადამიანი გეტყოდათ, რომ საქართველო ასე თუ ისე მოგვარებული საკითხია, ბევრს დაავიწყდა. დიახ, ამას ფრანგული ნაწარმოები „დაბრმავებულები“ აღწერს ძალიან კარგად, თუ „დაბრმავება“ სილვი კოფმანის, რომელიც ძალიან კარგად აღწერს ამ სიტუაციას – იმიტომ, რომ უნდოდათ რუსეთს მორგებოდნენ. არ უნდოდათ, დაენახათ ისეთი, როგორიც არის. ერჩიათ მასთან საქმის დაჭერა და ფიქრი, რომ მოახერხებდნენ მის შეცვლას და რაღაც მომენტში აღმოვჩნდით რუსეთის წინაშე. იმ რეალობის წინაშე, რომ რუსეთი არ იცვლება. ის უკრაინაში ყველაზე ნამდვილ შუქზე ჩანს, მოკლებული ყველანაირ დისიმულაციას და აქ უკვე აღარ შეიძლება თავის მოტყუება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვას იმის შესახებ, ითამაშა თუ არა რაიმე როლი რუსულმა ფულმა და, განსაკუთრებით, ნავთობის ფულმა, ფრანგების გარკვეული რაოდენობა სარგებლობდა თუ არა ამით, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისევე როგორც გერმანიაში, საფრანგეთშიც გაზი რუსული გავლენის ერთ-ერთი გამტარი იყო.

„არ ვიცი, შეიძლება, ეს იყო ნავთობი, თუ ნავთობის და ფრანგული რომანტიზმის ერთობლიობა; ის აზრი, რომ საფრანგეთსა და რუსეთს შორის „ხელშეუხებელი სიყვარულის ისტორია“ არსებობდა, ამ ყველაფერმა ერთად შექმნა ის ხელშეწყობა. მე ეს შევნიშნე. მე გარკვეული პერიოდი ვიყავი კე დორსეში (საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში). დიდი ხანი ვიყავი კე დორსეში და იქაც იყო გამყოფი ხაზი იმ პირებს შორის, ვინც ფიქრობდნენ, რომ ერთ დღეს რუსეთთან დიდი კონსენსუსი იქნებოდა მიღწეული. დიდი ხნის წინ იყო დებატები იმაზე, უნდა გაზრდილიყო მასზე დამოკიდებულება, მეტი რუსული გაზი ეყიდათ თუ არა და, საბოლოოდ, კარგია, რომ არ გაზარდეს მასზე დამოკიდებულება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კიდევ ერთ შეკითხვაზე, – „როგორც გარკვეული რაოდენობის პოლონელები, ბალტიისპირეთის ქვეყნების ხალხები, თქვენც იმედოვნებთ, რომ მოძრაობები გაგრძელდება, რომ ხვალ ჩეჩნები, ბურიატები, ციმბირელებიც მოითხოვენ თავისუფლებას?“ – სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„მე არაფერს ვიმედოვნებ. ყველამ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ვფიქრობ, დღეს რეალობა არის შემდეგი – არის რუსეთი თავისი საზღვრებით და ამას პატივი უნდა სცეს. ზეგ თუ სხვა მოძრაობები გამოიხატება, ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. არ ვფიქრობ, რომ ეს ახლა მოხდება. ასევე, შეინიშნება ის, რაც გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში. შეფარული მუქარა, რომ რუსეთისთვის უკან დახევის იძულების შემთხვევაში, დიდი აფეთქება მოხდება, რისიც ყველას ეშინია, რადგან არავინ იცის, ეს როგორ დამთავრდება. ეს არ არის აფეთქება, ეს არის ნორმალიზაცია, საზღვრებში დაბრუნება და პატივისცემა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვას, – „ატომურ თემაზე რუსეთის მხრიდან ბლეფს აქვს ადგილი და ბლეფს წამოვეგეთ?“ – საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა:

„დიახ, ბლეფს აქვს ადგილი. ძალიან რთულია. გასულ წლებში მე ვმუშაობდი ატომურ საკითხებზე და ამ თემაზე ძალიან რთულია, თქვა, ეს ბლეფია და სერიოზულად არ აღვიქვამ. იძულებული ვართ, სიფრთხილე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, რომ პუტინი და სი ძინპინი ოდესმე გასამართლდებიან, ზურაბიშვილმა აღნიშნა:

„მე ჩემი შინაგანი რწმენით, ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა. რადგან ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება, არ ვართ ალისას საოცრებათა სამყაროში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, – „შეიძლება, უფრო მკაფიო ჟესტები გვქონდეს? მაგალითად, პუტინი ჯერ კიდევ დიდი ჯვრით, თუ არ ვცდები, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრით არის დაჯილდოებული, უნდა მოხდეს მისი ჩამორთმევა?“ – სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„დიახ, უდავოდ. ვფიქრობ, არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის პუტინია თუ სხვა ვინმე, ეს არის სისტემა. ყველაფერი ასე გაგრძელდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ ვაიძულებთ, უარი თქვან ამ იმპერიალიზმზე, და დაუბრუნდნენ ნორმალიზებას. მე სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. ვიდრე რუსეთს დავტოვებთ იმპერიალისტურად და მივცემთ საშუალებას, მოიქცეს იმპერიალისტურად, მოვა ვინმე სხვა და მოიქცევა ასევე. სისტემებს საკუთარი ლოგიკა აქვთ და ტოტალიტარულ, ავტორიტარულ სისტემებს – კიდევ უფრო მეტად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ გამოუყენებია უსაფრთხოების და თავდაცვის სრული მასშტაბი, იწყებს სამხედრო და ეფექტური შესაძლებლობების შეძენას.

„ვხედავთ, პოლონეთი რას აკეთებს, რა როლი ითამაშა უკრაინასთან მიმართებაში, ვხედავთ ბალტიის ქვეყნებს, ჩეხეთს. ვხედავთ, რომ აღმოსავლეთ ევროპამ აღიქვა აუცილებლობა. მათ ეს ისედაც იცოდნენ, რადგან, როგორც ჩვენთვის, მათთვისაც ევროკავშირი არის უსაფრთხოება პირველ ყოვლისა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან ბედნიერია, როცა ხედავს, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ძირითადი მხარდამჭერები არიან საფრანგეთი, გერმანია, ისინი, ვინც გუშინ – მაგალითად, ბუქარესტში – დაბლოკეს კანდიდატურები ნატო-ში.

„ძალიან დიდი გზა უკვე გავლილია, რაც სწორედ დაბრმავების დასასრულია. ვფიქრობ, უფრო მკაფიო ხედვაა იმისა, სად არის გამოწვევები და რისი უფლება აღარ შეიძლება, ჩვენს თავს მივცეთ. ამან გახსნა რეალურად გაფართოების ეს გზა ამ ქვეყნებისთვის. მე მჯერა, რომ ეს ძალიან დიდი წინსვლაა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.