სალომე ზურაბიშვილი - მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ევროპული ქვეყნების კულტურებს შორის შედგება გამოფენები, რომლებიც საქართველოს ევროპის გულში აბრუნებს, სადაც მისი ადგილია
მოხარული ვარ, რომ სწორედ საქართველოსა და ევროპული ქვეყნების კულტურებს შორის შედგება ეს გაცვლითი გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც საქართველოს ევროპის გულში აბრუნებს, სადაც მისი ადგილია და სადაც უნდა იყოს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022“-ის გახსნაზე.
„მოხარული ვარ დღეს, რომ მომეცა საშუალება, დავესწრო ამ გამოფენის გახსნას. პირველი, იმიტომ რომ ეს გამოფენა ტარდება აქ, ამ გალერეაში, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობ და მეორე ის, რომ გამოფენა ქუთაისში ტარდება, რადგან მიმაჩნია, რომ მან საქართველოს კულტურული დედაქალაქის ადგილი უნდა დაიბრუნოს. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ წარმოდგენილნ არიან უკრაინელი ხელოვანები, რომლებიც მართალია, ახლა ჩვენს გვერდით ვერ არიან, მაგრამ წარმოადგენენ უკრაინას. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, მათ შორის, უცხოელებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ გამოფენაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„ქარავან არტ ფორუმი“ პროგრამა „ქარავანსარაის“ ფარგლებში ხორციელდება და მის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც პარიზში დაარსდა და 2001 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანი კულტურული გაცვლითი პროგრამები, არტისტების მობილობა და სხვადასხვა კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავებაა.
გამოფენის ორგანიზატორია „გალერეა გამრეკელი“.