სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, ისეთი ისტორიული ადგილების არსებობა, როგორიცაა ლაილაში, სადაც ებრაელები, ქართველები, სომხები ერთად ცხოვრობდნენ, რაც ჩვენი კულტურის მაჩვენებელია
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცაგერში მურის ციხე და ორბელის გადმოსახედი, ლეჩხუმში კი სოფელი ლაილაში დაათვალიერა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა პირადად გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები.
პრეზიდენტი ცაგერის მუნიციპალიტეტში ისტორიულად მრავალეთნიკურ სოფელ ლაილაშს ეწვია, სადაც ქართველებთან ერთად, ბერძნები, ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ისტორიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი ადგილების არსებობა, როგორიცაა ლაილაში, სადაც ებრაელები, ქართველები, სომხები ერთად ცხოვრობდნენ.
„არამხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, არამედ აქაც ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, ქართველები, სომხები – ეს ჩვენს კულტურაზე მეტყველებს!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
არქეოლოგიურად დასტურდება, რომ ლაილაში ძველი კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. 14-11 საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი. ლაილაში მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. სოფელი ასევე, ცნობილია მისივე სახელწოდების ბიბლიით – „ლაილაშის ბიბლია“, რომელიც X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ხელნაწერია.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.