სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტიის მხარდაჭერის იმედად არ წავსულვარ ამ ნაბიჯზე, მაგრამ მხარდაჭერის იმედი მაინც მაქვს
მმართველი პარტიის მხარდაჭერის იმედად არ წავსულვარ ამ ნაბიჯზე, მაგრამ მხარდაჭერის იმედი მაინც მაქვს, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდაზე მაჟორიტარის ადგილი მას დაუთმო და აქვს იმედი, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებზეც დაუჭერს მხარს.
„აბსურდული იქნება თუ ვიტყვი, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა თუ არ იქნება ჩემი კანდიდატურის მიმართ, ეს არ იმოქმედებს მოსახლეობაზე, რომლის უმრავლესობა სწორედ მათ უჭერს მხარს. ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთი ის, თუ რა არის შენი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და მეორე, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შენ იყო რეალისტი, უყურებდე, რა ხდება ქვეყანაში და ვისი იმედით შეიძლება იყო. სხვა პარტიის იმედად რომ ვერ ვიქნები, ეს ფაქტია. მოსახლეობაში უმრავლესობა არის ერთი პარტიის მხარდამჭერი, მეც ამ პარტიას დავუჭირე გარკვეულწილად მხარი წინა პერიოდში. მან დამითმო მაჟორიტარის ადგილი მთაწმინდაზე და ამიტომ ძალიან ბუნებრივად მაქვს იმედი, რომ ეს პარტია დღესაც გარკვეულწილად მხარს დამიჭერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მაინც არის დამოუკიდებელი, ამ იმედზე არ არის მხოლოდ დაფუძნებული. რაც არ უნდა მოხდეს, მე ბოლომდე გავალ და უკან არ დავიხევ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.