სალომე ზურაბიშვილი - მჯერა, რომ სამივე ქვეყანა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომლებმაც ერთად მივიღეთ ასოცირების შეთანხმება, ვნახავთ ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას
მჯერა, რომ სამივე ქვეყანა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომლებმაც ერთად მივიღეთ ასოცირება, პეტრას სამიტიდან დავიწყეთ ევროინტეგრაციის უფრო აქტიური ფაზა, ვნახავთ ამ გზის შედეგს, ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს, უკრაინისა და მისი ხალხის თავდადების, გაუტეხლობის მეშვეობით შეიძლება, ახალი შესაძლებლობების გზაც გაიხსნა. ევროპამ არა მხოლოდ რუსეთი სხვანაირად დაინახა, სხვანაირად დაინახა ჩვენი ქვეყნები. ის ქვეყნები, რომლებიც ასოცირებით უკვე ევროპისკენ მიისწრაფვიან და დღეს, უკრაინის ომის შემდეგ, უკვე ეს გზა მათთვის ხსნილია. ეს გზა სამივე ქვეყნისთვის არის ევროპული პერსპექტივის გზა. უკრაინისა და მოლდოვისთვის უკვე მინიჭებულია კანდიდატის სტატუსი, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო, ამ შემთხვევაში, მოლდოვას ეს სტატუსი. ჩვენ ვრჩებით ერთი და იმავე პერსპექტივაში და ერთი და იმავე გზაზე მივდივართ. ერთი და იგივე რეფორმები გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენი ცოტა სხვა კალენდარში ჯდება. 12 რეკომენდაციის შესრულების გზით უნდა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. მოლდოვას და უკრაინას აქვთ ასევე თავიანთი რეფორმები ჩასატარებელი.
მე ღრმად მჯერა, რომ სამივე ჩვენი ქვეყანა, რომლებმაც ერთად მივიღეთ ასოცირება, ერთად, ბათუმიდან, პეტრას სამიტიდან ტრიოს ფორმატით დავიწყეთ ეს ევროინტეგრაციის უფრო აქტიური ფაზა, ყველანი ვნახავთ ამ გზის შედეგს, ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, „ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით, ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით“.
„ეს არის ის, რაც სიმბოლურად არის სწორედ ნიშანი და გზავნილი პრაღის სამიტის, სადაც პირველად ევროკავშირის წევრები და ევროკავშირის კანდიდატები, თუ პერსპექტივის მქონე ქვეყნები, ყველანი ერთად დასხდნენ ერთი მაგიდის ირგვლივ. ეს არის სიმბოლიკა იმის, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის ჩვენი მომავალი და სხვა მომავალი, სხვა პერსპექტივა არც ერთს არ გაგვაჩნია. ამიტომ ჩვენ გვიწევს ერთმანეთისადმი მეტი სოლიდარობა, ამ მკუთხით ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება. მეტი სოლიდარობა ასევე ევროკავშირთან და ევროკავშირის ჩვენს მიმართ, რადგან ჩვენი მომავალი განუყოფელია. ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება განუყოფელია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.