სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, სასწრაფოდ მოიძებნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ტრაგედიის ეფექტიანი გადაწყვეტის გზები
ახალი და მრავალმხრივი საფრთხეების გარდა, საქართველოს მთავარ და უსაფრთხოების ყოველდღიურ გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე კონტროლის არქონა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13, ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ოკუპაცია ნიშნავს მუდმივ დაძაბულობას რუსეთთან და დაუსრულებელ ინციდენტებს.
„ეს ოკუპაცია ნიშნავს რუსეთთან მუდმივ დაძაბულობას, დაუსრულებელ ინციდენტებს, რომლებიც შესაძლოა გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაში. საქართველო მუდმივად ცდილობს მათ თავიდან აცილებას, ვინაიდან ცალმხრივად აქვს უარი ნათქვამი ძალის გამოყენებაზე, მაგრამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის არსებულ ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობასა და მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან გასულ კვირაში მომხდარ ფაქტებზეც ისაუბრა, როცა საოკუპაციო რეჟიმმა სამედიცინო საჭიროებების მქონე ორი მოქალაქე გამშვებ პუნქტზე არ გაატარა. ერთ-ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, ერთი კი, კვლავ ცხინვალის საავადმყოფოშია.
„მხოლოდ წინა კვირას ორი ჰუმანიტარული ტრაგედია განვითარდა – მარგო მათიაშვილი გარდაიცვალა, ვინაიდან გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს და ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება, მეორე – თამარ გიგაური იბრძვის სიცოცხლისთვის, რადგან ძალით გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც ვერ იღებს ისეთ სამედიცინო დახმარებას, რაც მხოლოდ საოკუპაციო ხაზის აქეთ მხარეს არის ხელმისაწვდომი. მინდა, ეს ფორუმი გამოვიყენო და თქვენი მეშვეობით მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტიანი გადაწყვეტის გზები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ადეკვატური პასუხის არარსებობა ამ სიტუაციაში, რაც 2008 წლის შემდეგ გრძელდება, თავად წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას.
„მოსახლეობის უიმედობასა და გაჭირვებას შეიძლება მოჰყვეს ინციდენტები, რომელთა თავიდან აცილება და კონტროლი ჩვენს საერთო ინტერესშია. რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვიძიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტის შესაძლებლობები ჟენევის, სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ეს რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევის ერთადერთი გზაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პასუხი ამ გამოწვევებზე მის თავდაცვის პოლიტიკაში, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაშია.