სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებს, გამოვიყენოთ ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება ევროკავშირში გაწევრიანებასა და უკრაინასთან მიმართებით
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა, გამოიყენონ ყველა ძალისხმევა, რათა ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება შეძლონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსა და უკრაინასთან მიმართებით.
მისივე თქმით, მიესალმება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას და რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში. პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული.
„მინდა, მივმართო მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებულ იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება, ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებით. ისე რომ, არც ერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის.
მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები. გთავაზობთ, ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი, ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით. გთავაზობთ, სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება. მოვუწოდებ მთავრობას, ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე.
დაბოლოს, მივმართავ ხალხს – მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ კერძო წამოწყებისა და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეთ. ასევე, მინდა, უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სახელით და პირადად ჩემი სახელით მადლობა მოვახსენო საელჩოს, საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა და ლვოვში მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისათვის.
მინდა გითხრათ, რომ გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, როგორც მთელ მსოფლიოს. ეს ჩვენი საზოგადოების შესატანი წვლილია, იმ დროს, როცა ჩვენი უკრაინელი ძმები სისხლით და ბრძოლით იცავენ ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ახალი მომავლის კარს გვიხსნიან. მინდა, იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რათა მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობისა და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალი კარის გასაღები. თქვენც გმართებთ საკუთარი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ, რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს. დიდება უკრაინას. დიდება გმირებს. გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.