სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, როგორც არასდროს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება
სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, როგორც არასდროს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება

მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას, ოპოზიციას და მთავრობას, როგორც არასდროს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნისა, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. უდნა შევუერთდე გაერო-ს გენმდვივნის და ყველა სხვა ლიდერის განცხადებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდების შესახებ.

მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას, ოპოზიციას და მთავრობას, როგორც არასდროს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია. საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომით თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭოთი, გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.