სალომე ზურაბიშვილი - მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა, ჩვენ ვართ ძლიერი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი ქვეყანა
დღევანდელი საქართველოს რეალობა ის არის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა. მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა, ჩვენ ვართ ძლიერი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
მისი თქმით, აგვისტოს ომში დაღუპული გმირები საქართველოს ძალაა.
„დღევანდელი დღე უაღრესად ტრაგიკულია. ამავე დროს, ეს ამ ქვეყნისთვის იმედის დღეა. გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ, რეალურად ჩვენი სახელმწიფოს ძალაა, რეალურად, დღეს თუ ვდგავართ, მათზე ვდგავართ ისევე, როგორც მთელი საუკუნეების მანძლზე საქართველო იდგა იმ ადამიანების ძალაზე, რომლებიც სამშობლოსთვის იბრძოდნენ და იხოცებოდნენ. ეს არის ჩვენი ბედი მსოფლიოში, მაგრამ ამ ბედს გავუმკლავდით და კიდევაც გავუმკლავდებით.
დღევანდელი საქართველოს რეალობა ის არის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა. მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა, ჩვენ ვართ ძლიერი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ამის ნიშანია ის გამოხმაურებები, რაც დღეს და გუშინ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან იყო. მათ არ ავიწყდებათ ის, რაც მოხდა და არ ეგუებიან ისევე, როგორც არ ვეგუებით ჩვენ. წინ წარმატებით მივდივართ ისე, რომ არ ვუთმობთ რუსეთს, ქედს არ ვიხრით. ასეთი იყო საქართველო და ყოველთვის ასეთი იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.