სალომე ზურაბიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის არმიღებით ჩვენი რეპუტაცია დაზიანებულია, ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, განმეახლებინა პოზიციონირება თემაზე, რომ მეორე უარს არც ვიმსახურებთ და არც უნდა მივიღოთ
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და ევროპის გზის დაცვის ეტაპებზე სხვადასხვა ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებით ჩვენი რეპუტაცია დაზიანებულია, ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, განმეახლებინა პოზიციონირება თემაზე, რომ მეორე უარს არც ვიმსახურებთ და არც უნდა მივიღოთ“.
„ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და ევროპის გზის დაცვის სხვადასხვა ეტაპზე გადავდგი შემდეგი ნაბიჯები: გამოვიყენე ჩემი დისკრეციული უფლება, ყველამ იცის, რომ ეს იყო ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება, თუმცა ამ შეწყალებამ არც პოლიტიკურ შედეგზე და არც დეპოლარიზაციაზე არ იქონია სასურველი გავლენა. გამოვიყენე ასევე ჩემი კონსტიტუციური ბერკეტი და კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს, დავადე ვეტო და მომავალშიც ასე მოვიქცევი, როცა ევროპულ გზას დაემუქრება საფრთხე. გამოვედი ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავდა პოლარიზაციის შემცირებას და საზოგადოებრივი შეთანხმების მიღწევას ქვეყნის მთავარი ეროვნული ინტერესების ირგვლივ. ამ პროცესმა სათავეში მიიღო ხალხის მხარდაჭერა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პროცესი თავისი პირველადი ფორმით ვერ გაგრძელდა.
დღეს კი უკვე ნათელია, რომ საზოგადოება სრულად თვითონ დეპოლარიზებულია და შეჯერებულია ქვეყნისთვის ორ მნიშვნელოვან საკითხზე: ევროინტეგრაცია და სოლიდარობა უკრაინისადმი. ამ მიღწევას მე ვერ დავიბრალებ, მაგრამ ჩემს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და სწორედ ამ მიზნით მივმართე რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს 2022 წლის 4 მარტს და ახლახან, ნიუ იორკიდან 8 მარტს.
იმის მიუხედავად, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ ჩვენი რეპუტაცია დაზიანებულია, ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, რომ კიდევ ერთხელ განმეახლებინა ჩემი საერთაშორისო აქტივობა როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე საერთაშორისო მედიაში, რათა მომეხდინა ქვეყნის ევროპული ინტერესის დაცვა და პოზიციონირება იმ თემაზე, რომ ჩვენ მეორე უარს არც ვიმსახურებთ და არც უნდა მივიღოთ. აქვე, მივესალმები შარლ მიშელის ბოლო განცხადებას, რომელიც გვიხსნის შესაძლებლობის ახალ ფანჯარას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.