სალომე ზურაბიშვილი - მიუღებელია, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლიას და სხვას ყველას პრორუსული უწოდოს
მიუღებელია, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვას ყველას პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში ჩვენი ერთსულოვნება და ამით გაამართლოს თავისი ამბიცები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელია, რომ საქართველოს მოქალაქეებისგან ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით.
„მესამე და უმთავრესი გამოწვევაა ჩვენი მთავარი მიზნების ბოლომდე მიყვანა – ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია. ეს არის გამოწვევა, რომელიც შეუთავსებელია ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩასთან. ყველამ თეორიულად მიანც ვიცით, რომ დაუშვებელია ამ თემაზე ჩვენს შორის აზრთა ნებისმიერი სხვადასხვაობა, რამეთუ ეს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს. 1918 წლის პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და დაპირისპირებაც ხშირი იყო, თუმცა გაერთიანებული იყვნენ ერთი მიზნის ირგვლივ – საქართველლოს დამოუკიდებლობის და სახლემწიფოებრიობის აღდგენის საკრალური მიზნის ირგვლივ. დღეს როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, მიუღებელია რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვებს, ყველას პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ერთსულოვნება ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში და ამით გაამართლოს თავისი ამბიცები. ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით.
ვიღაც შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს, მაგრამ, ვინც იცნობს ევროპას და ამერიკას, კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება. მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემს შემდეგ ან ჩემს გარეშე, რაც გინდა მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს. მაგალითად მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც, არა თუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.