სალომე ზურაბიშვილი - მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა პანკისის ხეობაში ვითარების დამშვიდება
სალომე ზურაბიშვილი - მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა პანკისის ხეობაში ვითარების დამშვიდება

პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება.

„მინდა, გამოვეხმაურო პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, უნდა ვთქვა, რომ პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანის ამოცანა. მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ჰესის მშენებლობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმით ვიმოქმედებთ და ასევე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.