სალომე ზურაბიშვილი - მინდა, საქართველო გახდეს ის, რაც მე ვარ დაბადებით, ანუ ევროპელი და ქართველი
საქართველო თავისი ღირებულებებით და წარსულით ნამდვილი ევროპული ქვეყანაა, მაგრამ მხოლოდ განცხადებად არ უნდა იყოს, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი და ნატო, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალურად დაასახელა.
ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, თავის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და განმარტა, რისთვის სურს საქართველოს პრეზიდენტობა.
„იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ის, რაც მე ვარ დაბადებით, ანუ ევროპელი და ქართველი. საქართველოც არის თავისი ღირებულებებით, თავისი წარსულით ნამდვილი ევროპული ქვეყანა, მაგრამ ეს განცხადება მხოლოდ განცხადებად არ უნდა იყოს, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი და ნატო. ეს არ უნდა იყოს რაღაც მკვდარი ლოზუნგები, არამედ ევროპულობა ყოველდღიურობაში უნდა გავატაროთ, რაც იყო ჩვენს წარსულში ნამდვილი ევროპულობა. ჩვენი წინაპრები, ყველანი, ვინც აშენებდნენ ჩვენს სახელმწიფოს, დარწმუნებულნი იყვნენ ერთ რამეში, რომ საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია. შეიძლება სხვა მეზობლები ჰყავდეს, მეზობლებთან მეტ-ნაკლებად დაალაგოს ურთიერთობები, მაგრამ პერსპექტივა მისი არსებითი და ბუნებრივი მიმართულება არის ევროპულობა და ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ის ევროპული საარჩევნო კამპანიის ჩატარების წინადადებით გამოდის, რომელიც არა ლანძღვაზე, არამედ თემებზე უნდა იყოს აგებული, რაც ქვეყანას აწუხებს.
„მე გთავაზობთ, ვეცადოთ, ჩავატაროთ ევროპული კამპანია. ეს იყოს დახვეწილი, არა ლანძღვა-გინებაზე, არამედ იმ თემებზე აწყობილი, რომელიც აწუხებს ამ ქვეყანას, რომელიც სტკივათ. ვიცი, რთული იქნება, მაგრამ ვეცადოთ. გავარკვიოთ, რომელ კანდიდატს რა ხედვა აქვს, რომ ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.