სალომე ზურაბიშვილი - მინდა, მივმართო ხელისუფლებას, დადებითად შევაფასო პრემიერის დღევანდელი განცხადება, ეს არის ის მიმართულება, რაც გვინდა, იმავეს ვერ ვიტყვი ზოგ პარტიულ განცხადებაზე, რომელიც არ წაადგება ჩვენს ევროპულ მომავალს
მინდა მივმართო ხელისუფლებას, დადებითად შევაფასო პრემიერის დღევანდელი განცხადება, ეს არის სწორი, ეს არის ის მიმართულება, რაც ჩვენ გვინდა, იმავეს ვერ ვიტყვი ზოგ პარტიულ განცხადებაზე, რომელიც არ წაადგება ჩვენს ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა საქართველოსთვის ისტორიული მომენტია.
„იმავეს ვერ ვიტყვი ზოგი პარტიული განცხადების შესახებ, რომელიც გაკეთდა წინა დღეებში და რომელიც არანაირად არ წაადგება ჩვენს კანდიდატურას და ჩვენს ევროპულ მომავალს. მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ვიყოთ სრულიად მობილიზებული. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება მოგვცემს ჩვენი შემდგომი განვითარების ახალ შანსს. ასე რომ ყველას გისურვებთ, რომ ეს გადაწყვეტილებები იყოს წარმატებული. მიმაჩნია, რომ ევროპული პერსპექტივა, რომლის რეკომენდაციაც დევს ევროპული კომისიის გადაწყვეტილებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, უნდა ვიცოდეთ ეს როგორ შევაფასოთ. მინდა, ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც მიგვიყვანს წლის ბოლომდე, ვიმედოვნებ, იმ სტატუსამდე, რომელზეც ვოცნებობთ ამდენი ხანი ანუ კანდიდატის სტატუსი. ყველას გისურვებთ ევროპულ საქართველოს, მალე ევროპულ საქართველოს, ეს იქნება ჩვენი ყველასი ერთიანი, დღეს არანაირი დაპირისპირება ამის ირგვლივ არ შეიძლება იყოს. მინდა ეს გზავნილი საქართველოდან ძალიან ნათლად ჩანდეს, რომ ყველას გვინდა ნათელი მომავალი, გვინდა ევროპული მომავალი, გვინდა ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.