სალომე ზურაბიშვილი - მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისთვის
მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისთვის. უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში, ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის, ასევე ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა.
პრეზიდენტის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა მიუღებელია.
„არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში, ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა.
ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისთვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს.
ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს, რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
ამასთან, დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.
მოგვიანებით, საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.