სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, დროებით საგამოძიებო კომისიაზე არასრულწლოვნები ფსიქოლოგების ჩართულობით გამოიკითხონ 
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, დროებით საგამოძიებო კომისიაზე არასრულწლოვნები ფსიქოლოგების ჩართულობით გამოიკითხონ 

პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ფსიქოლოგების ჩართვის მომხრეა.

მისი თქმით, შესაძლოა, ფსიქოლოგების ჩართვა მოზარდების მიერ კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით ეფექტიანი იყოს.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არასრულწლოვნების  გამოკითხვა სპეციფიური საკითხია და კომისიის წევრებმა ფსიქოლოგებთან ტრენინგი უკვე გაიარეს.

„მოკლე ტრეინინგი საკმარისი არ არის და სჯობს, გამოკითხვა ფსიქოლოგმა ჩაატაროს, ჩვენ კი, ამ პროცესს მეორე ოთახში, პირდაპირ ეთერში მივადევნებთ თვალს და დამატებით კითხვებს დავსვამთ. თუ აღმოჩნდა, რომ პირდაპირი დაკითხვა მაინც საჭირო იქნება, ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, აღნიშნული მეთოდი გაცილებით ცივილური იქნება.

„ეს არის კარგი, ცივილური ფორმა და შეიძლება უფრო ეფექტიანიც, რადგან ამ გარემოში არასრულწლოვნებმა შესაძლოა, თქვან, რაც დღემდე არ უთქვამთ. ფსიქოლოგების აზრით, ახლა არის მომენტი, როცა მათ არჩევანი უნდა გააკეთონ, ყველაფერი ბოლომდე თქვან და არ შეეშინდეთ, არც საზოგადოებრივი წესების, მენტალობის და არც იმის, რომ შეიძლება დაისაჯონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, ინფორმაციისთვის დეტალების დამატება ჩვენების შეცვლას არ ნიშნავს და დასჯადი არ არის.

„ეს ყველაფერი ფსიქოლოგმა კარგად უნდა აუხსნას არასრულწლოვანს და იმედი გვაქვს, რომ ამით იმ დამატებით ინფორმაციას მივიღებთ, რაც გვჭირდება. შოკის შემდეგ, რამდენიმე კვირაში დეტალების გახსენება შესაძლებელი ხდება, რაც ჩვენების შეცვლა არ არის. ფსიქოლოგმა აგვიხსნა, რომ პირველ დღეებში ბავშვები შოკის მდგომარეობაში არიან, რაც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება და შეიძლება რაც დაინახეს, არ ახსოვდეთ ან სხვანაირად ახსოვდეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ ჩვენების შეცვლა ცუდია, რის გამოც არასრულწლოვნები გაჩუმებული არიან.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ რამდენიმე სხდომა უკვე გამართა, რომელზეც მოკლულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიკითხნენ. კომისიამ საქმესთან შემხებლობის მქონე არასრულწლოვნებიც უნდა გამოკითხოს.