სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების გადაწყვეტილება პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას და ხელს უწყობს ქვეყანაში დეესკალაციას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწაფიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა შიდა დეესკალაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.
„საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია შიდა დეესკალაცია,
საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით უკვე გადადგა ნაბიჯები და პოლიტიკურ ძალებს საკონსტიტუციო ცვლილება შესთავაზა. საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას აფასებს დადებითად, იმდენად რამდენადაც, აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას და ხელს უწყობს ქვეყანაში დეესკალაციას“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
ამასთან, პრესსპიკერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პროცესების პოლიტიკური დიალოგის რეჟიმში გადასაყვანად, ასევე აუცილებელია თბილისში განვითარებული მოვლენებისას გამოვლენილი ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.
„გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და საქართველოს მეგობრების მაქსიმალური ინფორმირება და მათი ჩართულობის გაზრდა, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ საქართველოდან უნდა მიიღოს მკაფიო შეტყობინება, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ჩვენს ქვეყანაში დაცულია ყველა უცხოელი სტუმრის უსაფრთხოება მიუხედავად ეთნიკური ნიშნისა. სტუმართმოყვარეობა არის საქართველოს ღირსება და ტრადიცია.
ამ კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას, რომელმაც თავის მხრივ, სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს კურსს ევროპისკენ. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პოლონელ კოლეგას, პოლონელი ტურისტების დაინტერესებისკენ, ესტუმრონ საქართველოს.
ასევე, ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მთავრობასთან შეხვედრას გეგმავს.
„საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს, შეხვდეს საქართველოს მთავრობას, რომ განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის როლი იმ დახმარების ფარგლებში, რომელიც უნდა შევთავაზოთ მოსახლეობას“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ გუშინ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.