სალომე ზურაბიშვილი - მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა
სალომე ზურაბიშვილი - მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა

მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც  მის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება განმარტა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი პრინციპულობა არსად წასულა, მაგრამ პირად შეხედულებებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს.

„ჩემი პრინციპულობა არსად წასულა და ზუსტად პრინციპულობის გამო, ჩემს ემოციებსა და ჩემს პირად შეხედულებებს ვერ და არ დავაყენებ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.

ახლა მთავარი, რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას – დღეს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, რასაც ყველა აღიარებს; იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორიც არასოდეს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე.

პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და მაშასადამე, საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს – სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ოპოზიცია ცდილობს სიტუაციით მანიპულირებას, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესების გადატანას და ამით პროცესების დესტაბილიზაციას. მისივე განცხადებით, ისიც არ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს.

„აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოსავალის პოვნა, სიტუაციის განმუხტვის, სტაბილურობის, ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება, ამიტომაც და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.