საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ფორუმი „პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის“ გახსნა და მოწვეულ სტუმრებსა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას, რათა წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წევრებმა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, განვითარების საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა შეაფასონ მიღწეული შედეგები და დაგეგმონ მომავალი თანამშრომლობა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და მიხარია, რომ ასეთი შეხვედრები ამ ქვეყანაში ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს ტარდება, როცა გენდერული საკითხები კიდევ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, რომლითაც შეიძლება, ვიამაყოთ. ქალები ამ ქვეყანაში მართლაც ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ, უფრო დიდ ძალას, ვიდრე ჩვენ გვგონია.
ერთადერთი ჩვენი ვალდებულება არის ის, რომ ჩვენ ამ ძალას გავუხსნათ კარი და მივცეთ გასაქანი. მე ახლა იმ ახალგაზრდებზე ვსაუბრობ, რომლებისთვისაც მთელი მომავალი ღიაა, სწორედ მათ უნდა გავუხსნათ კარი და მივცეთ საშუალება, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად საკუთარი ადგილი დაიჭირონ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ბევრი რამ გაკეთდა, კანონმდებლობა შეიცვალა, კვოტების კუთხით ერთგვარად გაუმჯობესდა მდგომარეობა და 2020 წლიდან არჩევნებით პარლამენტში და თვითმართველობებში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა.
„ახალი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ამ საკითხს, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის, რადგან მთავარი არა კვოტები (მე ამას მუდამ ვფიქრობდი, კვოტები საჭიროა და ეს გზა მაინც გასავლელია), არამედ გადაწყვეტილებებში რეალური ადგილი და რეალური მონაწილეობაა. ამ კუთხით, დიდად სახარბიელო მდგომარეობა არ არის. ქალები ალამაზებენ ხან პარლამენტს, ხან საკრებულოებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ისინი იღებენ მთავარ გადაწყვეტილებებს. მე მჯერა, რომ ის დროც მოვა, როცა ქართულ პოლიტიკაში ქალები წინა პლანზე იქნებიან, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ექნებათ ფინანსური და სხვა ტიპის რესურსი, რომ თავიანთი სიტყვა თქვან და ეს სიტყვა იყოს წონიანი და მოსმენილი.
ამ ძალიან ახლო მომავალში ჩვენი მოვალეობაა ფორმალურიდან რეალობაში გადავიდეთ – ამ ქვეყანაში ამისი საშუალება მართლაც არსებობს, ამას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი და, პირველ რიგში, მთავრობამ, პარლამენტმა და თქვენ, ვინც ხართ მეორე ძალა – არასამთავროებმა, თქვენ, რომლებსაც ამ კუთხით გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩათვალეთ, რომ მე თქვენ გვერდით ვარ, რომ დაგეხმაროთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიემგზავრება ნიუ იორკში, სადაც ქალთა სტატუსის შესახებ გაერო-ს კომისიის 67-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
„მივემგზავრები ნიუ იორკში, სადაც ქალთა სტატუსის შესახებ გაერო-ს კომისიის 67-ე სესიაში მივიღებ მონაწილეობას და იქაც თუ წარსადგენია თქვენი რომელიმე რეკომენდაცია, იქაც ვიქნები თქვენი ხმა და თქვენი წარმომადგენელი.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთ შემდეგ შეხვედრაზე – შეიძლება მე აღარ ვიყო პრეზიდენტი – მაგრამ მეტი ქალი იქნება ქართულ პოლიტიკაში, საკრებულოებში თავმჯდომარეები, მერები, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები ქალები იქნებიან. მე მგონი, როცა ეს მოხდება, საქართველოში ნაკლები დაპირისპირება და პოლარიზაცია იქნება, და პოლარიაზაცია, რომელიც უდიდესი სენია და დღეს უკან გვწევს, უკვე დაძლეულიც იქნება.
ამისთვის აუცილებელია, ერთად ვებრძოლოთ იმას, რასაც ქალთა მიმართ ძალადობა და პოლიტიკური ძალადობა ჰქვია, რადგან ესეც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორია იმისთვის, რომ ქალები პოლიტიკაში წამოვიდნენ. როცა ქალები უყურებენ, რა ხდება, რა დღეში არიან პოლიტიკაში პირდაპირ ჩართული ქალები, ახალგაზრდებისთვის ეს დიდად არ არის მიმზიდველი. მათთვის სხვა დანარჩენი დარგები ღიაა და შეუძლიათ პროფესიონალურად სხვაგან უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილნი და უფრო დაფასებულნი, ვიდრე პოლიტიკაში – ესეც დასაძლევია.
და კიდევ ერთი – პირველი ვიყავი, მე მგონი, რომელმაც გააკეთა ამ თემაზე კომენტარი. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ყოველ შემთხევაში, ვეტოს დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, არ ვარგა ან ის, ან ეს მუხლი. ეს კანონი პირდაპირ იმისათვისაა მიღებული, რომ დაგვაშოროს ევროპას და ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის იმართება საქართველოს პარლამენტისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, შვედეთისა და დანიის მთავრობების მხარდაჭერით.