სალომე ზურაბიშვილი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახური ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს სვანეთში მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ტურიზმის ტემპის ზრდისა და განვითარებისათვის.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ხაზი გაესვა უშგულისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზის პროექტს. შეხვედრისას მხარეებმა სვანური ენის უნიკალურობაზე და ქართველურ ენებში მის ისტორიულ სტატუსზეც იმსჯელეს, როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტი სვანური ენის სკოლებში სწავლების ინიციატივით გამოვიდა. შეხვედრაზე სვანეთმა ორბელიანების სასახლეში რეგიონულ კვირეულში მონაწილეობის მოწვევა მიიღო.
ორბელიანების სასახლეში რეგიონული კვირეულის ჩატარება პრეზიდენტის ინიციატივაა, რომლის მიზანიც დედაქალაქისა და ფართო საზოგადოებისათვის ადგილობრივი კულტურისა და ეკონომიკის უპირადესობების გაცნობა და ჩვენებაა. შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი აპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, მერის თანაშემწე განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საკითხებში ვახტანგ ფილფანი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ქეთევან ხარძიანი.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.