სალომე ზურაბიშვილი - მასშტაბური სამხედრო წვრთნების შედეგად მტკიცდება ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი, რასაც მომავალშიც საქართველოს, რეგიონისა და მსოფლიო მშვიდობის გაძლიერებას მოახმარენ
„მტკიცე სული 2021“ ისტორიულად გამორჩეული გახლდათ, რადგან საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნების ისტორიაში წელს პირველად მონაწილეობდა საქართველოში წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2021“-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა მრავალეროვნულ სწავლების მონაწილეებს და ორგანიზატორებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ქართული „დიდგორის მეომრისა“ და „დიდგორი მედეკავის“ გამოყენებით აღიარებულია საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკის ნატო-ს თანამედროვე სტანდარტებთან თავსებადობა.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „მტკიცე სული-2021“-ის წარმატებით დასრულება. მადლობას მოვახსენებ სწავლების ორგანიზატორებს, საქარველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობას და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს არმიის სარდლობას ევროპასა და აფრიკაში. მადლობას მოვახსენებ ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს სწავლებაში მონაწილეობისათვის.
„მტკიცე სული 2021“ გამოირჩეოდა წვრთნების მრავალფეროვნებით, ლოკაციის, სადესანტო ოპერაციებისა და მათში ჩართული სამხედროების რიცხოვნობის ზრდით. ჩვენი სამხედროების მებრძოლო სულის სიმტკიცისა და მათი მაღალი პროფესიონალიზმის დასტურია, რომ პანდემიის მიუხედავად, წარმატებით განხორციელდა მეათე საიუბილეო სამხედრო სწავლება, რომელშიც თხუთმეტი ქვეყნის 2 500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. „მტკიცე სული 2021“ ისტორიულიც გამორჩეული გახლდათ, რამეთუ საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნების ისტორიაში წელს პირველად მონაწილეობდა საქართველოში წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა. ეს გახლავთ საქართველოს თავდაცვის ძალების, ქართული სამხედრო ინდუსტრიის წარმატება. საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ქართული „დიდგორის მეომრისა“ და „დიდგორი მედეკავის“ გამოყენებით აღიარებულია საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკის ნატო-ს თანამედროვე სტანდარტებთან თავსებადობა. საქართველოს სამხედრო ინდუსტრიას მინდა ვუსურვო განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ეკონომიკის გაძლიერებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ – ნატო-ში ინტეგრაციისკენ.
„ამ რთულ და და საპასუხისმგებლო გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობასა და ურთიერთთავსებადობას. ეს არის მრავალეროვნული სამხედრო წრვთნების მთავარი მიზანი, რომელსაც ჩვენდა საამაყოდ, ყოველწლიურად გაზრდილი წარმატებით ვაღწევთ.
საქართველოში განხორცილებული მრავალეროვანი სწავლების დინამიკა და მასშტაბები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოების, მშვიდობის განმტკიცებისა და შენარჩუნების პროცესში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ნათელია, რომ დღეს მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონის უსაფრთხოება და მშვიდობა, აღარ არის უშუალოდ რეგიონში უბრალოდ გეოგრაფიულად მდებარე ქვეყნების პრობლემა და საზრუნავი.
„რეგიონალური უსაფრთხოება და მშვიდობა გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს რეალობა საქართველოს აქვს კარგად გათვითცნობიერებული. ჩვენს მიერ არჩეულ გზას – ნატო-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე ერთგულად სვლით, ჩვენ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაძლიერებით ვამტკიცებთ რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, რაც მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების საწინდარია. დღევანდელი დღე არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ წინგადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასეთი მასშტაბური სამხედრო წვრთნების შედეგად მტკიცდება ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი, რასაც ისინი მომავალშიც საქართველოს, რეგიონისა და მსოფლიო მშვიდობის გაძლიერებას მოახმარენ. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია.
გარწმუნებთ, რომ საქართველო და მისი ჯარისკაცები მომავალშიც ღირსეულად გაგიწევენ სანდო და საიმედო პარტნიორობას და ძალისხმევას არ დაიშურებენ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენების პროცესში ღირსეული წვლილის შეტანაში. ამისათვის ყველას უდიდესი მადლობა მთლიანად ჩვენი საზოგადოებისგან და საქართველოს პრეზიდენტისგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.