სალომე ზურაბიშვილი მაიკ პომპეოს - მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება
მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის.
„ეს მნიშვნელობა გაიზარდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების ფონზე. მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია. საქართველო ამ ინტერესის დასაცავად ამერიკისათვის კვლავ ღირსეული პარტნიორი და საიმედო საყრდენია რეგიონში“, – ხაზგასმით აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. ამისთვის საჭიროა ეფექტიანი მოლაპარაკებები, ჟენევის ფორმატის გაძლიერება და ყველა სხვა შესაძლო ფორმატის გამოყენება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეგობრობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც სამ ათეულ წელს ითვლის, არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეფუძნება საერთო ღირებულებებს – დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ყველაზე მთავარს – თავისუფლებას.
მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავა და დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
„ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობით და ამერიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის საზოგადოებებში და პოლიტიკურ სპექტრში მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ხვდება. მაიკ პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.