სალომე ზურაბიშვილი - მადლობას ვუხდი 84 ქვეყანას, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, ეს აჩვენებს, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგშია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და მადლობას უხდის ქვეყნებს, რომლებმაც დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.
„მადლობას ვუხდი 84 ქვეყანას, რომელმაც მხარი დაუჭირა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციას. ეს აჩვენებს, რომ გლობალური კრიზისის მიუხედავად, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგშია. საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების აღდგენას და მათი სამშობლოში დაბრუნების უფლებას. უპრეცედენტო მხარდაჭერაა“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.