სალომე ზურაბიშვილი - მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა სვანეთიდან და მონაწილეობა მიიღო „სვანეთის დღეებში“, ჩვენ ბევრი ასეთი სიახლე გვექნება
სალომე ზურაბიშვილი - მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა სვანეთიდან და მონაწილეობა მიიღო „სვანეთის დღეებში“, ჩვენ ბევრი ასეთი სიახლე გვექნება

ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სვანეთის ისტორიის შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული მასალა — ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის გამოფენა დაათვალიერებინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „სვანეთის დღეები“ მომღერალ სოფიო გელოვანის კონცერტით საზეიმოდ დაიხურა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „სვანეთის დღეების“ მონაწილეებს, სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობას, რომელმაც სამი დღის განმავლობაში ორბელიანების სასახლეში საკუთარი რეგიონი წარადგინა, და ასევე პროექტის ორგანიზატორებს.

„მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ჩვენს ყველა სტუმარს. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გიორგობა და მინდა, ორი სიტყვით მადლობა ვუთხრა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო პირველ მცდელობაში, რომ ჩვენ რეგიონებიდან ორბელიანების სასახლეში ჩამოვიყვანოთ ჩვენი თანამემამულეები და დავუთმოთ ეს სასახლე. მინდა, პირადად კოტე ნაცვლიშვილს, ნინიკო ტაბიძეს, იაგო წიკლაურს გადავუხადო მადლობა ამ ყველაფრის მოწყობისთვის. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან ეს პირველი ასეთი მცდელობაა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩამოვიდა სვანეთიდან და გაგვახარა ამ დღეებში. ეს არის პირველი, ჩვენ ვაგრძელებთ და ძალიან ბევრი ასეთი სიახლე გვექნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სვანეთის დღეების დასკვნით ღონისძიებაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი, რომელმაც პრეზიდენტსა და დიპლომატებს იმ ღონიძიებების მთავარი თემების შესახებ ესაუბრა, რომლებიც „სვანეთის დღეების“ ფარგლებში გაიმართა და სვანური ტრადიციული სამართლის ფორმებს ეხებოდა.

„ჩვენი სასამართლო რეფორმის ფარგლებში, მედიატორის ინსტიტუტი საქართველოში ახლა იდგამს ფეხს და ამ მხრივ სვანეთის გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ჩვენ ყოველმხრივ ვეცდებით, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას და ამის სახე, რა თქმა უნდა, იქნება სწორედ სვანური გამოცდილება. ეს არის მხარე, სადაც არა მხოლოდ არსებობდა და დღემდე არსებობს მედიატორის ინსტიტუტი, არამედ ის ყველაზე დემოკრატიულიცაა, რადგან, ტრადიციულად, მასში ქალებიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ. მედიატორი ქალები ტოლს არ უდებდნენ მედიატორ კაცებს და ამ მხრივ სვანეთი საქართველოს ყველაზე გამორჩეული მხარეა, თავისი მდიდარი თანასწორუფლებიანობის ტრადიციით“, – განაცხადა კოტე ნაცვლიშვილმა.

ამასთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის და ელჩებს სვანეთსა და რეგიონებში განხორციელებული ერთობლივი პროექტებისთვის.

„დღეს ფოკუსი სვანეთზე გვაქვს, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საკულტო და ცნობილ რეგიონზე. მინდა, სამ საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი — ჩვენი ინვესტირების მნიშვნელობა ადამიანებსა და რეგიონულ საზოგადოებებში. ჩვენ შეგვიძლია ინვესტირება უნარებში, მცირე ბიზნესში, მეწარმეობაში, რათა დავეხმაროთ, მათ ჰქონდეთ მეტად ბალანსირებული ზრდა, გარკევული სამუშაოები განვახორციელეთ შვეიცარიასთან და ევროკავშირთან ერთად, ინვესტირება მესტიის ვეტერინარიულ ცენტრში, კოლეჯ „თეთნულდში“. ეს ორივე პროექტი სვანეთშია, ჩვენ იქ კურსები გვაქვს, რითიც საშუალებას ვაძლევთ ადგილობრივებს, სოფლის მეურნეობისა და ეკოტურიზმის მიმართულებით განვითარდნენ. როდესაც ჩვენ დიდ ბრიტანეთში, ამერიკასა და ევროპაში ვათვალიერებთ ყველაზე ფეშენებელურ ტურისტულ ჟურნალებს, საქართველო ყოველთვის მთავარ გვერდებზეა. აქ ძალიან დიდი პოტენციალია არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების, არამედ ეკოტურიზმის კუთხითაც, რაც უნიკალური მიმართულებაა და საქართველოს ტურიზმს მართლაც განსხვავებულად წარმოაჩენს.

მეორე საკითხი ეხება ხელისუფლების როლს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობას, კონკრეტულად, დეცენტრალიზაციის მიმართულებით. ზოგჯერ ვისმენთ არგუმენტს, ჯერ უნდა დავიცადოთ, ვიდრე ამის შესაძლებლობა შეიქმნება. ვფიქრობ, ეს არც არასდროს მოხდება, თუკი ჩვენ არ შევქმნით ფიზიკურ დეცენტრალიზაციას. უნდა გავწიოთ გარკვეული რისკები, თუ გვინდა, რომ ჯილდოც მივიღოთ. ასე მუშაობს ეს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორშიც. თუ ჩვენ შეგვიძლია დეცენტრალიზაციის გზების განვითარება, ჩვენ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ სვანეთს, სხვა რეგიონებს, რომ უფრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდნენ.

ბოლო საკითხი ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაა, დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანების უფლებების განვითარება ყველასთვის, მათ შორის ყველა რეგიონში, ყველა საზოგადოებისათვის.

საქართველოს ტოლერანტობის, ინკლუზიის კეთილშობილი და საამაყო ტრადიცია აქვს, იქნება ეს ეთნიკური, ლინგვისტური თუ რელიგიური თვალსაზრისით. ჩვენ შეგვიძლია ამის გამოყენება ჩვენი განვითარებისთვის ერთობლივად სამუშაოდ, გოგონებისა და ქალების ინკლუზიის და ასევე სექსუალური უმცირესობების ინკლუზიის კუთხითაც. როცა საზოგადოებები ერთად იყრიან თავს, ისინი უფრო ძლიერები და ეფექტიანები ხდებიან ეკონომიკური თუ სოციალური კუთხით. ეს ქმნის უფრო წარმატებული განვითარების გზას, როგორც სვანეთისთვის, ისე საქართველოს ყველა რეგიონისთვის“, – განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეგიონულ განვითარებას სხვადასხვა პროექტით, განსაკუთრებით, სოფლად და სხვადასხვა თემში, და ნამდვილად ვამაყობთ, რომ ვხედავთ მათ წინსვლას, ცხოვრების დონის ამაღლებას და ასევე რეგიონების ევროკავშირთან კავშირს, იმ სხვადასხვა პროექტის საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, როგორც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მარია ქრისტინა ვან კოლდამმა განაცხადა, მან ბევრი რამ გაიგო სვანეთის რეგიონისა და მედიაციის დიდი ტრადიციის შესახებ.

„ამ ბოლო დროს ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეგიონების, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის მრავალფეროვნებამ და ეს მრავალფეროვნება ძალიან კარგად მუშაობს ქვეყნისთვის, რადგან თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ, ისწავლოთ ერთმანეთისგან. ნიდერლანდები მონდომებულია საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაში“, – განაცხადა ელჩმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის ფარგლებში, პირველად საქართველოს პრეზიდენტის სასახლის სივრცე მთლიანად დაეთმობა საქართველოს ყველა რეგიონს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინოს საკუთარი საქმიანობა, ადგილობრივი პროდუქცია, ხელოვანთა ნამუშევრები, თვითშემოქმედებითი ანსამბლები და მიღწევები.

21 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის მოსახლეობა იყო.