სალომე ზურაბიშვილი - მადლობას ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა, მოსალოდნელი რისკები და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მაგალითი გვაჩვენა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ ბრძანება დასამტკიცებლად წარუდგინა.
სიტყვის დასაწყისში სალომე ზურაბიშვილმა სამძიმარი გამოვთქვა იმ ოჯახების მიმართ, რომლის წევრებიც კორონავირუსის ეპიდემიის დროს გარდაიცვალნენ.
ამასთან, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, რომელმაც გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მოსალოდნელი რისკები და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მაგალითი აჩვენა.
„მოგესალმებით, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო. პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტე აღდგა. ასევე, მინდა ჩემი სამძიმარი გამოვთქვა იმ ოჯახების მიმართ, რომლის წევრებიც (დღეს ახალი შემთხვევა მოხდა) ამ ეპიდემიის დროს გარდაიცვალნენ. ასევე, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოვახსენო მადლობა ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მოსალოდნელი რისკები და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მაგალითი გვაჩვენა. ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში შევიკრიბეთ და, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, ყველა მონაცემიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების მართვისთვის აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება.
„დღეს ამისათვის შევიკრიბეთ. ამ გადაწყვეტილების გარშემო, ისევე, როგორც ერთი თვის წინ, უნდა ვიყოთ ერთიანი, რათა საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის ისევე წარმატებულად მართვა, როგორც ეს პირველ ეტაპზე შევძელით. დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება.
ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით. ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს. ამ გეგმის აუცილებლობაშიც ყველა ვთანხმდებით, თუმცა ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი“ , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.