სალომე ზურაბიშვილი - ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, მით უფრო პანდემიის პირობებში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს
ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, მით უფრო დღეს, პანდემიის პირობებში, როცა ლაბორატორიის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეტევის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა.
„ერთი მხრივ, ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს, შსს-ს ცნობით, წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.