სალომე ზურაბიშვილი - ხალხის პრინციპულობამ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია
ხალხის პრინციპულობამ შიგნით თუ გარეთ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საზოგადოება დარწმუნდა, რომ მას აქვს ძალა და შეუძლია მიზნის მიღწევა.
„გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა ევროპული ორიენტაციაც, ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ – შეუმჩნევლად, შემდეგ კი უფრო მკაფიოდ შეეცვალა აქცენტები: ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა პოზიციები. უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-ისგან საჯაროდ დისტანცირებამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა.
დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით საფრთხის ქვეშ დავაყენეთ ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავალი. ხალხის პრინციპულობამ შიგნით თუ გარეთ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია. ჩვენი საზოგადოება კი დარწმუნდა, რომ მას აქვს ძალა და შეუძლია მიზნის მიღწევა; დავინახეთ ჩვენი თავისუფალი, ევროპული ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავლის შენებაში მათი განსაკუთრებული როლი გამოიკვეთა და იგი იმედის ძალად ჩამოყალიბდა. ჩვენი საზოგადოების გამოცდილებით, თავისი ტრადიციული შემწყნარებლობით, სიბრძნით და თავშეკავებულობით თავიდან ავიცილეთ და გავუმკლავდით რუსული იმიგრაციისა და პროპაგანდის პროვოკაციებს. საზოგადოება არ წამოეგო რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს და შევინარჩუნეთ სტაბილურობა და ურყევი პროევროპულობა. და კიდევ, დემოკრატიის კუთხით პოზიტიურ ნიშნებად აღიქმება იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გაბედული, განსხვავებული აზრის დაფიქსირება და იმპიჩმენტის სცენარის სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით ჩავარდნა. ასევე, პოზიტიური ნიშანია ერთპიროვნული გადაწყვეტილებისგან ეროვნული ბანკის სამი წევრის გამიჯვნა და მათი გადადგომა. ნიშნები იმისა, რომ საზოგადოებას დემოკრატიის ძლიერი შეგნება და მოთხოვნილება აქვს, მზადაა, დაიცვას მიღწეული პროგრესი და არ შეეგუოს უკუსვლას, იმედის მომეცმია. ესაა ნამდვილი ხალხის ძალა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.