სალომე ზურაბიშვილი - კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს, ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა
კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს, პირველ რიგში, უსაფრთხოების გამყარების შესაძლებლობას, ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნა და, მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობით საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს უბრუნდება.
„კანდიდატობა და მოლაპარაკებების დაწყება კი ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითიც საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ. მაშასადამე, ვხდებით იმ ევროპის უშუალო პარტნიორი, რომელმაც ბოლო პერიოდში აჩვენა ესოდენ სიმტკიცე და პრინციპულობა, აჩვენა, რომ ხვალინდელი უსაფრთხო და მშვიდობიანი რეგიონის სანდო და დასაყრდენი პარტნიორია. მისი პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულობის უტყუარი ნიშანია ის, რომ სულ ახლახან მოახერხა დიალოგისა და დემოკრატიის მაგალითის მიცემა, სადაც კონსენსუსის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯნენ და არც კი განიხილებოდა უმრავლესობის დიქტატი. უძლიერესი გზავნილი გაუგზავნა მოსკოვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები, საპატრიარქოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.