სალომე ზურაბიშვილი - კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი კიდევ არსებობს, ევროპარლამენტიდან და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია, კრიტიკასთან ერთად, გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს თავისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
მისივე თქმით, მძიმე სურათის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი კიდევ არსებობს.
„საკმაოდ მძიმე სურათია და ამ ყველაფრის მიუხედავად, რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი. ისიც მინდა, ვთქვა, რომ რეზოლუცია, რომელზეც ამდენი დაიწერა, კრიტიკასთან ერთად, და მძაფრია კრიტიკა, ასევე ძალიან დადებითი მოწოდებით მთავრდება, გამოთქვამს მის რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს თავისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ანუ, არ არის ნეგატიური დასკვნა. ამ დროს, დღე დღეზე ველოდებით კომისიის რეკომენდაციას, რომელიც ამ კვირის ბოლომდე ალბათ უნდა გახდეს ცნობილი, რის საფუძველზეც, მაგრამ არა მხოლოდ კომისიის დასკვნის საფუძველზე, თვის ბოლოს, 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭო, ანუ 27 ქვეყნის მეთაური მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ეს თარიღი იქნა შენარჩუნებული. ანუ, რამდენიმე საფეხური არსებობს და ამდენად, შანსი კიდევ არსებობს. ამავე დროს, ევროპარლამენტიდანაც და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის, იმედი შეიძლება, შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ – პირველ რიგში, ერთიანობა, სხვა გამოსავალო ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.