სალომე ზურაბიშვილი - კანაფის კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევაზე ხელისუფლების გადაწყვეტილება საზოგადოების განწყობას პასუხობს
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევაზე ხელისუფლების მიერ დღეს მიღებული და საპატრიარქოსთან გაზიარებული გადაწყვეტილება პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობასა და მოლოდინს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი საკითხები საზოგადოებისა და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს.
„ეს იყო ის, რაც ჩემი სამთვიანი კამპანიის დროს ყველგან მოვისმინე ხალხისგან, უპირველეს ყოვლისა, დედებისგან, საქართველოს ყველა რეგიონში.
მიხარია, რომ ამ საერთო დასკვნამდე მივედით, რამეთუ ასეთი საკითხი საზოგადოებისა და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ.
ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანას მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.