სალომე ზურაბიშვილი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან კორონავირუსის საფრთხისადმი რეაგირებას
სალომე ზურაბიშვილი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან კორონავირუსის საფრთხისადმი რეაგირებას

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და სალომე ზურაბიშვილმა ტედროს გებრეისუსთან ახალ კორონავისრუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსის დაძლევის პროცესში ორგანიზაცია საქართველოს კვლავ აქტიურად გაუწევს ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხისადმი რეაგირებას.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით მიჰყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლსა და მართვას ექვემდებარება.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან მიიღო პირობა, ვირუსთან გამკლავების კუთხით ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერის კვლავ გაგრძელების შესახებ“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ ზომებისათვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის პრევენციისათვის გაატარა და განაცხადა, რომ დღევანდელი კომუნიკაციაც სწორედ თანამშრომლობისათვის სრული მზაობისა და მაღალი პოლიტიკური ნების გამოხატულებაა.

„საუბრისას განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან დაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაცია მის ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პანდემიისგან დასაცავად“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადინისტრაციაში.