სალომე ზურაბიშვილი - ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა, ეს დრო ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის
პრეზიდენტ იოჰანესონის ვიზიტი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა, ეს დრო ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ასევე რეგიონისა და მთლიანად ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. საქართველომ კანდიდატის მიღებით გადადგა ისტორიული ნაბიჯი და ემზადება არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის – გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან, გუდნი იოჰანესონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელი პერიოდი ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის მომავალი წყდება უკრაინაში. მისივე თქმით, სასტიკი ომი უნდა დასრულდეს აგრესიისა და აგრესორის დამარცხებით და სუვერენიტეტის აღდგენით.
„ჩვენ განვიხილეთ დღევანდელი სიტუაცია თავისი ჰუმანიტარული ასპექტებით და შევთანხმდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის სოლიდარობა ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ისლანდია, როგორც ნატო-ს დამფუძნებელი სახელმწიფო, და საქართველო, რომლის მიზანია ნატო-ში ინტეგრაცია, იზიარებენ ერთიან სულისკვეთებას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობისა და თავისუფლების განმტკიცებისთვის. ერთად განვიხილეთ ამ მხრივ შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში. პრეზიდენტთან ერთად ვრცლად განვიხილეთ ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უმძიმესი მდგომარეობა და დღევანდელი გამოწვევა, ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში, რასაც აცხადებს რუსეთი, როგორც პროექტს, მისი რუსეთისთვის გადაცემა წარმოადგენს ახალ აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ და ასევე დესტაბილიზაციის ნაბიჯებს შავი ზღვის მიმართულებით. დასაფასებელია, რომ პრეზიდენტმა იოჰანესონმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს საოკუპაციო ხაზი და ადგილზე გაეცნოს რუსული ოკუპაციის მძიმე სახეს და შედეგებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისლანდიის პრეზიდენტთან ასევე განიხილა ორი ქვეყნის ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მრავალფეროვანი ასპექტები.
„განვიხილეთ გლობალური გამოწვევები კლიმატის ცვლილებების კუთხით, რომელიც მთავარი გამოწვევაა. ესაა სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება ამ კუთხით, რამეთუ თქვენი ქვეყანა ამაში, დიდი ხანია, ჩართულია. მივიჩნევ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს. პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესდელეგაციასთან ერთად იმყოფება და მოხარული ვარ, რომ ვიზიტის დროს საქართველოს და ისლანდიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შეძლებენ შესაძლებლობების განხილვას და ერთობლივი მიზნების დასახვას. ისლანდიას უდიდესი გამოცდილება აქვს ბუნებრივი კრიზისის მართვაში და მნიშვნელოვანია ამ მხრივაც თანამშრომლობა. გასულ წელს ორი დიდი ტრაგედია განვიცადეთ და გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კულტურული ურთიერთობებიც განვიხილეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.