სალომე ზურაბიშვილი - არჩევანი საქართველოსთვის არის დამოუკიდებლობა ან დამონება, ევროპა ან რუსეთი, ჩვენ ვიცით, რა გვინდა, თუ არ იცით, ისწავლეთ და წაიკითხეთ
8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან 9 აპრილის მნიშვნელობაზე და ასევე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.
მისი თქმით, ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში, ვერ გაიმარჯვებს ვერასდროს.
„რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, დღევანდელი დღე არის დიდი გამარჯვების დღე, ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვერაფერი დაემუქრება საქართველოს და მის დამოუკიდებლობას, ვერავინ ვერაფერს გვიზამს. ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი. დღეს, ხვალ და ზეგ ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში, ვერ გაიმარჯვებს ვერასდროს. არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა. გვინდა ის, რაც მოხდა 9 აპრილს თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს. არჩევანი საქართველოსთვის ეს არის, ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან რუსეთი და ჩვენ ვიცით, რა გვინდა, თუ არ იცით, ისწავლეთ და წაიკითხეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.