სალომე ზურაბიშვილი - იოსებ სიგუა გუშინ ძალიან ჯანიანად არ გამოიყურებოდა
იოსებ სიგუა გუშინ ძალიან ჯანიანად არ გამოიყურებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილმა დეტექტივების სამმართველოს უფროსის პარლამენტში გამოუცხადებლობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, სჯერა თუ არა მას, რომ სიგუა ავადმყოფობის გამო არ მივიდა პარლამენტში და უკავშირდება თუ არა ეს გუშინდელ სხდომაზე სიგუას მისვლას.
„არ ვიცი, გუშინდელ სხდომას რამდენად უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი გუშინ ძალიან ჯანიანად არ გამოიყურებოდა. ადამიანს არ ვიცნობ. არ ვიცი, ეს ნერვიულობიდან გამომდინარე იყო თუ სხვა ფაქტორებიდან, თუ უკვე ავად იყო, ვერ გეტყვით. მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ ის ყველაზე ნაკლებად საუბრობდა. ასე რომ, არ გამიკვირდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შსს-ში განაცხადეს, რომ დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა ავად გახდა და საგამოძიებო კომისიის სხდომას ამის გამო არ ესწრება.