სალომე ზურაბიშვილი - იენს სტოლტენბერგთან ჩემი მთავარი გზავნილი იყო ოკუპირებული ტერიტორიები, რადგან საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ქმედებები დამძიმდა
ჩემი მთავარი გზავნილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ქმედებები ძალიან დამძიმდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საუბარი შეეხო ღია კარის პოლიტიკას. მიდგომა არის ნატო-სი – რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა იყოს საქართველოსთან, მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილი დღეს იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან ძალიან დამძიმდა საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ქმედებები. ეს იქნება მცოცავი საზღვარი სხვადასხვა ადგილებზე, გატაცებები, თუ მუქარა, რაც ისმოდა ბოლო პერიოდში, თუნდაც სწორედ ნატო-ს წვრთნების შესახებ.
ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური სათქმელი ჩვენს პარტნიორებთან. იცოდნენ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ, ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენს სამშვიდობო გეგმებს, სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როდესაც იკეტება გადასასვლელი პუნქტები საოკუპაციო ხაზზე“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარტნიორებმა ყოველდღიურად შეახსენონ რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვიცვლით ჩვენ სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია. არის მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, ეს ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის ფორმატი, მიიღოს პოლიტიკური დატვირთვა ან ჟენევაში ან სხვანაირად. არ შეიძლება შევეგუოთ იმას, რომ მხოლოდ ტექნიკურ დონეზე წყდება, ან არ წყდება ეს საკითხი. რეალურად, პროგრესი რომ გადაწყდეს, ეს მშვიდობიანად არ არსებობს, თუ არ იქნება ჩვენი პარტნიორებისგან ყოველდღიურად გახსენებული რუსეთისთვის, რომ მან უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რაც მიღებული აქვს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება გამარჯვების გზა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.