სალომე ზურაბიშვილი - გვევალება, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ, ეს საქართველოს მოსახლეობის ძლიერი ნებაა 
სალომე ზურაბიშვილი - გვევალება, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ, ეს საქართველოს მოსახლეობის ძლიერი ნებაა 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე რუმინეთი საქართველოს პირველი მხარდამჭერი და მთავარი პარტნიორია.

როგორც ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ევალება, იმუშაოს და აჩვენოს ევროპელ პარტნიორებს, რომ ქვეყანა არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად არის.

„მთავარი ნაბიჯები, რაც გადაიდგა ევროპისკენ, ამისთვის მადლიერები ვართ რუმინეთის, რომელიც იყო საქართველოს პირველი მხარდამჭერი ჯერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებით და შემდეგ ამ 30 წლის განმავლობაში მუდმივად მხარს გვიჭერდა ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

რუმინეთი, პოლონეთთან ერთად, ევროპაში ჩვენი მთავარი პარტნიორია, (შეიძლება, უფრო ახლოს იყოს შავი ზღვის სიახლოვიდან გამომდინარე). დღესაც რუმინეთი ჩვენი მთავარი მხარდამჭერია და უნდა ვიცოდეთ, რომ ის გადადგმული ნაბიჯი, ისტორიული ნაბიჯი, რასაც ჰქვია ევროპული პერსპექტივა, ნამდვილად არის უდიდესი ისტორიული ცვლილება ჩვენთვის. ჩვენი მხრივ, ყოველთვის გვქონდა მოთხოვნილება, ამბიცია, რომ გავმხდარიყავით ევროპული თანამეგობრობის ნაწილი, მაგრამ ეს იყო ჩვენი და არ იყო გაზიარებული ყველა ევროპული ქვეყნის მიერ. დღეს ეს უკვე გადალახული საზღვარია და ჯერ, როგორც ევროკავშირის სრული წევრი თუ არა, მიღებული, აღიარებული ვართ, როგორც ამ ოჯახის წევრი. ამისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ საჭირო ნაბიჯები. გვევალება, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ და ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნამდვილი, ძლიერი ნება.

ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პერსპექტივა არის შედეგი იმისა, რაც გააკეთა უკრაინამ, მისი მართლაც თავდადებული ბრძოლისა. არ იქნებოდა უკრაინა და დღეს ალბათ არ იქნებოდა მიღწეული ეს პერსპექტივა. მართალია, ჩვენ მეტი გვინდოდა, კანდიდატის სტატუსიც გვინდოდა, მაგრამ ამისთვის ჯერ გზა ხსნილია და შეგვიძლია, არ დავიშუროთ არანაირი ძალისხმევა, რათა სწრაფად მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი უახლოესი მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა  საქართველოსა და რუმინეთს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესახებ დეკლარაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა რუმინეთმა, რომ პრაღაში 6 ოქტომბერს ჩატარდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც ერთი მაგიდის ირგვლივ დასვა ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რომელთაც აქვთ ევროპული პერსპექტივა და ესეც ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ამ ყველაფერში ჩვენი მთავარი პარტნიორი იყო, არის და იქნება რუმინეთი. დღეს რომ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას, ესეც ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია, რადგან ამ განცხადებაში დევს ჩვენი ერთობლივი მომავალი, მთელი თანამშრომლობა, რაც გვაერთიანებდა აქამდე და რომელიც უნდა გაღრმავდეს, გაძლიერდეს ყველა მიმართულებით. იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული, შავ ზღვაზე კონცენტრირებული, რადგან ეს არის ზღვა, რომელიც რეალურად, საქართველის აერთიანებს ევროკავშირთან და ევროპასთან. ეს შავი ზღვა უნდა გახდეს ნამდვილი ხიდი, კი არ გვაშორებდეს, არამედ გვაახლოებდეს. ამიტომ უნდა იყოს დაძლეული ყველა საფრთხე, რომელიც ემუქრება დღეს შავი ზღვის სტაბილურობას. თუ არა სტაბილური, მშვიდობიანი შავი ზღვა, ჩვენ ვერ განვავითარებთ ყველა პროექტს, რაც არსებობს ევროკავშირის მხრიდან და რომელშიც მონაწილეობას იღებს, პირველ რიგში, რუმინეთი ჩვენთან ერთად. ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პორტები, მოსახლეობა და გავხადოთ ფიზიკური კონტაქტები უფრო ადვილი – იქნება საზღვაო მიმოსვლებით, თუ პირდაპირი ფრენებით. ყველანაირი საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა ვიგრძნოთ, დავინახოთ, რომ ფიზიკურად ვართ ერთმანეთთან უფრო ახლოს და ეს კავშირები მეტად გავაძლიეროთ. ამისი საწყისია განცხადება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, რასაც აქვს დიდი მომავალი. მსურს, გამოვიყენო საშუალება და ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა მოვახსენო პრეზიდენტსა და რუმინელ ხალხს, რადგან ხალხის გარეშე ეს ურთიერთობები ვერ განვითარდება და შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა, რომელიც დარწმუნებული ვარ, არის ჩვენი ორივე ქვეყნის მომავალი, გაგრძელება ჩვენი სამსაუკუნოვანი ისტორიისა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.