სალომე ზურაბიშვილი - გვჭირდება მეტი ნატო, მეტი უსაფრთხოება და თანამშრომლობა, ამ კუთხითაც არის ალიანსის მხრიდან მზადყოფნა
სალომე ზურაბიშვილი - გვჭირდება მეტი ნატო, მეტი უსაფრთხოება და თანამშრომლობა, ამ კუთხითაც არის ალიანსის მხრიდან მზადყოფნა

ჩვენ შეგვიძლია მეტი თანამშრომლობა ნატო-სთან სხვადასხვა საკითხში და პირველ რიგში, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

„ჩვენი მხრიდან მზადყოფნაა და ის ყველაფერი, რაც საჭიროა, თუნდაც ბიუჯეტის ორი პროცენტი, თუნდაც აღჭურვილობის ამაღლება და გაძლიერება, ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რა მოთხოვნაც იყო ნატო-ს მხრიდან და პარტნიორებისგან. მაგრამ იმ დროს, როცა ჩვენ ველოდებით, არ შეიძლება, ეს მოლოდინი იყოს ადგილზე ტკეპნა. ჩვენ გვჭირდება მეტი ნატო, მეტი უსაფრთხოება, მეტი თანამშრომლობა და ამ კუთხითაც არის მათი მზადყოფნა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოში გაიმართება საქართველოსა და ნატო-ს ერთობლივი მასშტაბური წვრთნები, რა დროსაც საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და სამხედრო კომიტეტი ეწვევა.

„წლის მეორე ნახევარში ჩამოვა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად, მთელი ორგანიზაცია რაღაც მომენტში იქნება საქარველოში. ჩვენ შეგვიძლია კიდევ მეტი თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხში და პირველ რიგში, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. შავი ზღვა არის დღეს ადგილი, სადაც არის მეტი დაძაბულობა, ვიდრე იყო და ჩვენი როლი არის, რომ შავ ზღვაზე შემოვიტანოთ მეტი უსაფრთხოება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.