საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გურჯაანის ღვინის ფესტივალს ეწვევა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიწვევით ესპანეთის, ლიეტუვის, უკრაინის, სლოვაკეთის, ბელარუსისა და ესტონეთის დელეგაციები დაესწრებიან.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“-ის მიზანი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობაა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი წელს უკვე მესამედ გაიმართება, რომელიც წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინის, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 150-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინის, ჭაჭისა და სხვა სასმელების გამოფენას ტრადიციულ კერძებთან ერთად.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საუკეთესო კახური და ევროპული ღვინო და შეიძინონ ისინი; მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში; დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები; მოისმინონ ქართული პოლიფონიური სიმღერები.