სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ფერაძე ქართველებს გვაძლევს რწმენას, რომ არ ვართ ერთმანეთის მოძულე ერი, ჩვენში სხვა შესაძლებლობები და ღირსებებია, ამ ღირსებებს უნდა დავუბრუნდეთ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში, ქალაქ ოსვენციმში, გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, გრიგოლ ფერაძე ქართველებს აძლევს რწმენას, რომ არ არიან ერთმანეთის მოძულე ერი, მათში სხვა შესაძლებლობები და ღირსებებია და ამ ღირსებებს უნდა დაუბრუნდნენ.
„ძალიან რთულია, ამ ადგილას ადამიანმა მოძებნოს სწორი სიტყვები, რათა გამოხატოს ის, რაც აქ ხდებოდა. აქ ალბათ ჯოჯოხეთის კართან ვიმყოფებით. აქ არის ყველაზე დიდი ადამიანური სირცხვილი, თუ სადამდე შეიძლება, მივიდეს ადამიანი სიძულვილითა და ტოტალიტარიზმით, ტოლერანტობის არარსებობითა და სხვისი აუტანლობით. აქ არის ადგილი, სადაც ალბათ გვინდა, ვთქვათ: „ეს აღარასოდეს მოხდება, ეს იყო 80 წლის წინ, ამ საუკუნეში ამას აღარ ვნახავთ“. მაგრამ დღესაც არსებობს ადგილები – ბუჩა, ირპენი, სადაც ადამიანები ადამიანებს ექცევიან ისე, რომ მათი საქციელი უნდა დავგმოთ. აქედან 1000 კილომეტრში კატინია.
ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება, დავკარგოთ იმედი. ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა ვთქვათ და გავიმეოროთ :„გვიხსენ შენ ბოროტისგან“, მაგრამ ამავდროულად, ეს არის იმედის ადგილი. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი თანამემამულე, წმინდა გრიგოლ ფერაძე მოვიდა და თავდადებით აღესრულა სხვებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც მან გვიჩვენა მაგალითი იმისა, რას ნიშნავს ადამიანის ღირსება. მისი, როგორც სხვა ბევრის თავდადება, არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს იმედს, რომ ადამიანი სხვაგვარია. გრიგოლ ფერაძე არის ადამიანი, რომელიც ჩვენ, ქართველებს გვაძლევს რწმენას, რომ არ ვართ მხოლოდ ის, რაც დღეს ჩანს – ერთმანეთის მოძულე ერი. ჩვენ შეიძლება, სხვა ვიყოთ, რომ ჩვენში სხვა შესაძლებლობები, სხვა ღირსებებია და ამ ღირსებებს უნდა დავუბრუნდეთ.
გრიგოლ ფერაძე არის ადამიანი, რომელიც, უპირველესი გაგებით, ევროპელი იყო. მან ისწავლა ბერლინში, ვარშავაში, პარიზში, ლონდონში და ეს ყველაფერი ამ კედლებში დატოვა. იგი ქართული ეკლესიის ისტორიკოსი იყო, ყველგან ეძებდა იმ ხელნაწერებს, რითიც შეივსებოდა ქართული ეკლესიის ისტორია – პალესტინაში, ჯვრის მონასტერში და სხვა ადგილებში. დღეს 6 დეკემბერია, მისი გარდაცვალების დღე. გავიხსენოთ გრიგოლ ფერაძე, გავიხსენოთ ის, რაც მან დაგვიტოვა, რომ ჩვენ გვჯეროდეს ადამიანისა, არ დავკარგოთ რწმენა და გვჯეროდეს საქართველოს ღირსებისა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.