სალომე ზურაბიშვილი - ღვინის და ვენახის აღორძინება საქართველოს აღორძინებაა
საქართველოს პრეზიდენტი გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო. სალომე ზურაბიშვილი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, „ახტალას“ პარკში სახალხო ზეიმს და საწნახელში ღვინის დაწურვის პროცესს დაესწრო, კახური ტრადიციული ღვინო დააგემოვნა და ღვინის ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„დღეს აქ ქართული ღვინის ზეიმია. საქართველოს ისტორიაში აღორძინება ყოველთვის ვენახით იწყებოდა, როცა შემოვიდოდა დამპყრობელი, გაანადგურებდა ვენახს, ქართველი გლეხი ისევ ვენახის გასაშენებლად შრომობდა, რასაც მოჰყვებოდა ქვეყნის აღორძინებაც. დღესაც ღვინის და ვენახის აღორძინება საქართველოს აღორძინებაა. ღვინის სამშობლოს სახელი ჩვენ უკვე გავიტანეთ საზღვარგარეთ და ამ ზეიმსაც ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება. დღეს საქართველო ღვინის წარმოებაში მთავარი და წამყვანი ქვეყანაა – ყველაზე ძველი, ყველაზე საინტერესო და სამომავლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ ჩვენთან უკვე ვითარდება ბიოღვინის მრეწველობა, რადგან ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით, რა სჭირდება მსოფლიოს მომავალში. გლეხებმა თავად დაიწყეს ღვინის წარმოება, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია.
ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ქალი ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში და ძალიან წარმატებულადაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ცოცხალი, ძალიან ენერგიული და ძალიან წინდახედულია. მინდა, გისურვოთ ბევრი წარმატება, ხვავი და ბარაქა და ასეთი ზეიმების სიმრავლე”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახის წევრების გაძლიერების პროექტის მონაწილეებს შეხვდა, რომელიც ორგანიზაცია „ხელი ხელს“ და შვეიცარიული ასოციაცია „შეხვდი-ასწავლე-წაახალისეს“(„Meet-Train Encourage“) ინიციატივით ხორციელდება.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.