სალომე ზურაბიშვილი - გასაკვირია, როგორ ვერ დაინახა მოწმე იორდანიშვილმა მოზარდების დაპირისპირება, როცა საკუთარ მანქანაში იჯდა და ეზოდან გასვლას ცდილობდა
სალომე ზურაბიშვილი - გასაკვირია, როგორ ვერ დაინახა მოწმე იორდანიშვილმა მოზარდების დაპირისპირება, როცა საკუთარ მანქანაში იჯდა და ეზოდან გასვლას ცდილობდა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის გასაკვირია, როგორ ვერ დაინახა მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილმა მოზარდებს შორის დაპირისპირების ფაქტი, როცა ის იქვე, საკუთარ მანქანაში იჯდა და ეზოდან გასვლას ცდილობდა.

როგორც ზურაბიშვილმა პირველ არხს განუცხადა, შემთხვევის ადგილზე ბევრ ხალხს უნდა ენახა დაპირისპირების ფაქტი, თუმცა მოწმეები ან გვიან დაიკითხნენ, ან საერთოდ არ დაკუთხულან.

„დღეს ვისაც გამოვკითხავთ, სრულწლოვანი მოწმეა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ყველაფრის დროს თავის მანქანაში, „ჯიპში“ იმყოფებოდა. სხვადასხვა მოწმეების ჩვენებების მიხედვით, ის ეზოდან იმ დროს გადის, როდესაც ეს ყველაფერი ხდება და თან ვერ გადის იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდის გაქცევამ შეაფერხა.

ამ დროს ამბობს, რომ არაფერი არ მინახავსო. ეს ჯერ ჩვენთვის არ უთქვამს, მაგრამ პირველი გამოკითხვებიდან რაც ჩანს, არის ის, რომ ტელეფონში იყურება და ვერაფერს ხედავს.

ჩემთვის, როგორც ამ საკითხებში გამოუცდელი პირისთვის, ცოტა უცნაურია, რომ ეს ძალიან ვიწრო ეზოა, სადაც ძალიან ბევრი ფანჯარა გამოდის და ბევრ ხალხს უნდა ენახა. ამ ხალხიდან ძალიან ცოტაა დაკითხული და ვინც დაკითხულია, ან გვიანაა დაკითხული, ან ნახევრად. ისინი ამბობენ, რომ ძირითადი არ უნახავთ“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ საგამოძიებო მოქმედებები სათანადოდ არ ჩატარებულა.

„საგამოძიებო მოქმედებები სათანადოდ, რომ არ ჩატარდა, ფაქტია. ჩვენ თვითონ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც დღემდე გამოკითხულები არ არიან და თვითონ ამბობენ, რომ ნახეს მომხდარი. ალბათ აქ კიდევ ხშირად ვივლით.

გუშინ ვინც გამოვკითხეთ, უკვე გამოკითხულები იყვნენ, მაგრამ ზოგი ძალიან გვიან. პირველ დღეებში, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გაიხსენოს ის რაც ხდებოდა და დააფიქსიროს, იმ დღეებში ძალიან ცოტაა გაკეთებული“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე იმ პირის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელიც პირველ დეკემბერს, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ამ წუთებში ადგილზე იმ ავტომობილით არის მისული, რომლითაც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.