სალომე ზურაბიშვილი - გარედან უფრო ჩანს, როგორ პოზიტიურად უყურებენ დღეს საქართველოს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს
ჩვენ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ ილუზიებითა და მცდარი წარმოდგენებით, ზოგჯერ კი გვიჭირს ჩვენივე რეალური მიღწევების დაჯერება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გარედან უფრო ჩანს, რა გზა გაიარა საქართველომ და ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორ პოზიტიურად უყურებენ მას დღეს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს.
„ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იყო და მინდა, რომ ეს განცდა თქვენც გაიზიაროთ, რამეთუ ეს ჩვენი ერთობლივი, ჩვენი ერის მიღწევაა. ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით გავიარეთ გზა, რომელიც 15 წლის წინ წარმოუდგენელიც იყო. ეს გზა მოიცავს სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთის პარტნიორობას, ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციას. ასეთივე ძნელი წარმოსადგენია ჩვენი ხვალინდელი ადგილი ევროპისა და მსოფლიო რუკაზე, მაგრამ არჩეულ გზაზე ნათლად ჩანს, რომ ყველაზე დიდი კოზირი სწორედ საქართველოა – მისი რეალური სახის, მისი პოტენციალის, კულტურისა და იდენტობის წარმოჩენა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.